ტატო გრიგალაშვილმა 2025 წელს ჯუდოკებიდან პირველმა ააჟღერა საქართველოს ჰიმნი
ტატო გრიგალაშვილმა 2025 წელს ჯუდოკებიდან პირველმა ააჟღერა საქართველოს ჰიმნი
23.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2025 წელს ჯუდოს საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს ჰიმნი პირველად ტატო გრიგალაშვილმა ააჟღერა. ვიდრე უშუალოდ ტურნირზე და ტატოს ასპარეზობაზე გიამბობთ, ერთი, თითქოს უმნიშვნელო დეტალის შესახებ, რომელმაც პირადად მე გამაღიზიანა. საქმე ისაა, რომ ტატოს საპატივცემულოდ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი, რომელიც არც ისე და არც ასე, არაა გრძელი, შუაში გაწყვიტეს... შესაძლოა, ტურნირის ფორმატი და აქედან გამომდინარე, დაჯილდოების ცერემონიისთვის განკუთვნილი დრო შეზღუდული იყოს, მაგრამ ეს შეზღუდვა შეიძლება სხვა დეტალზე გადაატარო და არა ამა თუ იმ ქვეყნის ჰიმნზე. თუმცა, ჯუდოს ტურნირებზე, როგორც ჩანს მსგავსი უპატივცემულობა უკვე ნორმა ხდება - მაგალითად, 2024 წელს, პარიზის ოლიმპიური თამაშების ე.წ. გენერალურ რეპეტიციად შერაცხულ პარიზის გრან სლემის დროს, -90 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულის საპატივცემულოდ თურქეთის ჰიმნის მხოლოდ საწყისი სამი აკორდი გაჟღერდა, შემდეგ ვიღაცამ, უბრალოდ გათიშა ჰიმნი. იმედია, მსგავსი დეტალები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დაფიქრების საბაბი გახდება.


ახლა რაც შეეხება უშუალოდ ვარშავაში გამართულ ტურნირს და 15-დან ერთადერთ ქართველს რომელმაც მედლის მოგება მოახერხა. ვარშავის ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი მისთვის და ზოგადად ჯუდოს სამყაროსთვისაც უჩვეულო წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. უჩვეულოც, თითქოს არაფერია, წონა ბევრს შეუცვლია, თუმცა, ქართული ჯუდოს კულუარებიდან გამოსულ ინფორმაციაში, გრიგალაშვილის წონის ცვლილება, დროებითია და ტატო თავის -81 კგ-ს მალე დაუბრუნდება. თუმცა, მანამდე -90კგ-ში და თუკი, ტატომ თავის წონაში დაბრუნება გადაიფიქრა, საკმაოდ დიდი კონკურენცია გველის - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე და ახლა კიდევ „გრიგალა".


ასეა თუ ისე, -90 კგ-ში გრიგალაშვილმა პირველი წრიდან დაიწყო, მოიგო ბადე, შემდეგ 1/2 ფინალი და ფინალშიც საკმაოდ იოლად, ნიდერლანდელი ტიგო რენესი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. რეალურად, გრიგალაშვილმა, ახლა წონაში საკმაოდ კარგად იასპარეზა, თუმცა, ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნულ ტურნირზე -90 კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად მხოლოდ, წონის 54-ე ნომერი ესპანელი ჯუდოკა ასპარეზობდა.


სხვათა შორის ამავე წონაში, ასპარეზობდა ნიკოლო დავლაძე, რომელსაც ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა. ქართველმა, მას შემდეგ რაც 1/4 ფინალი წააგო, რეპეშაჟში გადაერთო, მოიგო და ბრინჯაოს ფინალშიც კარგად მიდიოდა, რომ არა ბოლო 20 წამი, რომელშიც ქართველმა ვაზარი გაუშვა და საბოლოოდ, მედლის გარეშე დარჩა.


ამავე ტურნირზე, სხვა წონაში, -66 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა გიორგი სარდალაშვილმა, თუმცა, ქართველი ასპარეზობას პირველივე წრიდან გამოეთიშა. ბარემ აქვე ვქვათ, რომ პოლონურ ტურნირზე მედალთან ახლოს კიდევ ერთი ქართველი იყო, -60კგ წონით კატეგორიაში, თორნიკე მაზიაშვილმა ბრინჯაოს ფინალი წააგო.


ვარშავის ღია პირველობაზე საქართველო შემდეგი ჯუდოკებით იყო წარმოდგენილი:

-60 კგ / თორნიკე მაზიაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, ლუკა მოდებაძე

-66კგ  / გიორგი სარდალაშვილი, ხვიჩა გაფრინდაშილი, ლუკა საგანელიძე

-81 კგ /  ვახტანგ პავლიაშვილი

-90 კგ / ტატო გრიგალაშვილი, ნიკოლოზ დავლაძე

-100 კგ / მიხეილ ჯაფარიძე, ისლამ წინწალაშვილი, გიორგი ხმალაძე

+100 კგ / შოთიკო გოჩიაშვილი, გაბო მუკბანიანი, უჩა ტაბატაძე


ბუნებრივია, ვიდრე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირები დაიწყება, ქართული გუნდები ბევრ ჯუდოკას, ახალი სახეები გვაქვს მხედველობაში, მისცემენ თავის გამოჩენის საშუალებას და საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობას შეაჩვევენ. ამას გარდა ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირებზე ახალი სახეები, ტატოს მსგავსი გამოცდილების მქონე ჯუდოკებისგან ისწავლიან, როგორ მართონ საასპარეზო დღე.