
ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში დღეს 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშება დასრულდა. ქართველმა ქალმა პარა სპორტსმენებმა დღესაც მოახერხეს მედლების მოგება. ირმა ხეცურიანმა ამჯერად, B კატეგორიაში მედალი, რაპირით ფარიკაობაში მოიგო. მართალია, ქართველი ფინალში იაპონელ საკურასთან 14-15 დამარცხდა, თუმცა, ბოლომდე იბრძოლა.
აღსანიშნავია, რომ ხეცურიანი, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე მეხუთე ნომრად იყო განთესილი საკმაოდ რთული მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები გამართა. 1/2 ფინალში ქართველმა, ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ბელარუსი ალექსანდრა ილმინსკაია 15-10 დაამარცხა.
საერთო ჯამში ირმამ, სან პაულოში ორი მედალი მოიგო, ხმლით ფარიკაობაში ოქრო, რაპირაში კი ვერცხლი. აღსანიშნავია ისიც, რომ ირმა ხეცურიანისთვის დღეს მოგებული ვერცხლის მედალი არის 51-ე პარასპორტსმენის კარიერაში (გუნდური და ინდივიდუალური ასპარეზობების გათვალისწინებით). ირმას ეს მაჩვენებელი არის რეკორდული და შესაბამისად, ქართველი ითვლება ყველაზე ტიტულოვან პარა-მოფარიკავედ, ამ სპორტის ისტორიაში.
დღესვე, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების კიდევ ორმა წევრმა იასპარეზა. რაპირით, A კატეგორიაში ძალები ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმაც სცადეს. განსხვავებით პირველი დისციპლინიდან, ამჯერად, ქართველები ფინალში აღარ შეხვედრილან, თუმცა, ერთ-ერთმა, გვანცა ზადაშვილმა ფინალში კვლავ იასპარეზა და კვლავ, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა 1/2 ფინალში ტაილანდელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ფინალში კი, უნგრელ ანა ნადაჟდისთან 15-4 დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ნინა თიბილაშვილი. ქართველმა პარამოფარიკავემ რაპირით ასპარეზობაში (A კატეგორია) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი სუზანა კრაჟნიაკი ანგარიშით 15-14 დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე, აღნიშნულ ტურნირზე ნინამ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიგო.
საბოლოოდ, ქართული გუნდი სან პაულოდან ექვსი მედლით (ორი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთ ბრინჯაო) ბრუნდება.