შევხვდებით აგვისტოში - ევრობასკეტის შემდეგ, შერმო სანაკრებო კარიერის დასრულებას ფიქრობს
შევხვდებით აგვისტოში - ევრობასკეტის შემდეგ, შერმო სანაკრებო კარიერის დასრულებას ფიქრობს
22.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოსა და დანიის ნაკრებების საკალათბურთო შეხვედრის დასრულების შემდეგ, შერეულ ზონაში გიორგი შერმადინმა შეიძლება ითქვას, ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ქართველი ცენტრი 2025 წელს სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს.


„ყველა ევრობასკეტი ვითამაშე და ამ მეექვსესაც გამოვკარი ხელი. სავარაუდოდ, აქვე ვიტყვი, რომ ჩემი სანაკრებო კარიერა დამთავრდება ამ ევრობასკეტის მერე, აგვისტოში. მერე ვნახოთ რა იქნება, ჯერ არ ვიცი. ვიცი, რომ საკლუბო კარიერას არ დავასრულებ, თუმცა, სანაკრებო თამაშები დასრულდება. უკვე 20 წელია ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავ, ძალიან დიდი დრო გავიდა და ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე ამ ნაკრებისთვის. ხუთჯერ ვითამაშე ევრობასკეტზე, ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე, მოვხვდით საუკეთესო გუნდებს შორის. ასე, რომ ამ ევრობასკეტის შემდეგ ჯობს, მე გავიწიო", - ამბობს გიორგი შერმადინი.


ქართული კალათბურთის მოქმედი ლეგენდის თქმით, სანაკრებოს შემდეგაც, საკლუბო კარიერას ის, ესპანეთში დაახლოებით სამი სეზონი კიდევ გააგრძელებს. ამის შემდეგ კი შერმადინი გადაწყვეტს რა გააკეთოს.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამართა დანიის ნაკრების წინააღმდეგ, გაიმარჯვა ორი ქულით 62-60 და ევრობასკეტზე მონაწილეობის უფლება ზედიზედ მეექვსედ მოპოვა. გიორგი შერმადინმა, დანიელებთან თბილისურ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და პარკეტზე 31:43 წუთი გაატარა, 4 ქულა დააგროვა და 9 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.