ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი შესარჩევი ციკლი მოგებით გახსნა
ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი შესარჩევი ციკლი მოგებით გახსნა
21.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის 2025 წლის შესარჩევი ციკლი მოგებით დაიწყო. C2 ჯგუფის სადებიუტო თამაშში ირის ანტმანის გუნდმა ანდორას ქალთა ნაკრებს უმასპინძლა და 2-1 გაიმარჯვა.


მიხეილ მესხი 2-ზე, თითქმის -7 გრადუსიან ყინვაში პირველი ტაიმი მშრალად, 0-0 დასრულდა. არადა, საქართველოს ქალთა ნაკრებს შეხვედრის ამ მონაკვეთშიც ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობები, ისევე, როგორც მეორე ტაიმში. მათ შორის ყველაზე მეტი შანსი თეონა ბაქრაძემ გაანიავა, რომელმაც საბოლოოდ, მაინც მოახერხა მეტოქის კარის აღება 87-ე წუთზე და ამასთან გამარჯვების გოლი გაიტანა, ზოგადადაც, მთლიანად შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა გააკონტროლეს.



„ანდორას ნაკრები თავს ძალიან კარგად იცავდა. ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი და შეგვეძლო თამაში პირველ ტაიმშიც დაგვესრულებინა. ვფიქრობ, იყო პენალტი, რომელიც არ დაგვიდეს, მაგრამ ესეც ერთგვარი გამოცდილებაა. ზოგჯერ საჭიროა უკან დაცვაში თამაში, ზოგჯერ უფრო მეტი უნდა შევუტიოთ. მიხარია, რომ დღეს მოთამაშეებმა აჩვენეს ხასიათი, გაგვიტანეს ერთი, მაგრამ გავუტანეთ ორი. ასე გავაკეთეთ ლუქსემბურგის წინააღმდეგაც, ასე პირველად არ მოხდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ბოლოჯერ იყო. ჩვენ უნდა გავიტანოთ ჩვენს კარში გატანილ გოლამდე და მოვიგოთ თამაშები. ყველა თამაში განსხვავებულია", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.



მიუხედავად ამისა, ანგარიში ამ შეხვედრაში სტუმრებმა გახსნეს. ალბათ, ეს იყო, ანდორელთა იშვიათი შეტევა, რომელიც საჯარიმო დარტყმის შემდეგ განვითარდა და 69-ე წუთზე სოლე პალაუს გოლით დასრულდა.


მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლოს ოქმში, ქართველი ფეხბურთელების გასწვრივ 5 ყვითელი ბარათი ჩაიწერა, ანდორელებთან კი, მხოლოდ ორი, რეალობაში მინდორზე საპორისპირო ხდებოდა, რადგან წესებით, ბევრად ტექნიკურ ქართველ გოგონების შეჩერება სტუმრებს აშკარად უჭირდათ. საქართველოს ნაკრებმაც ანგარიში ერთ-ერთი ასეთი უხეშობის დროს დანიშნულ 11-მეტრიანს მოჰყვა, რომელიც 83-ე წუთზე ზუსტად შეასრულა მაიკო ბებიამ. გამარჯვების გოლი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ 87-ე წუთზე ბაქრაძემ გაიტანა.



„საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. პირველი ტაიმი არ იყო ისეთი, როგორიც დავგეგმეთ. იყო ბევრი შეცდომები და მომენტები რაც ვერ გამოვიყენეთ. პენალტის დარტყმა მე მომიწია. დავეხმარე გუნდს და ამით ძალიან გახარებული ვარ. ზოგადად, ძალიან რთულია ასეთი დაძაბული თამაშების შემოტრიალება. მინდა ჩემს გუნდს მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომლების ასეთ სიცივეში, ჩვენს გასამხნევებლად იყვნენ მოსული სტადიონზე. ეს მოგება გეძღვნებათ თქვენ",  - ამბობს მაიკო ბებია, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.



აქვე გეტყვით, რომ დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებოდა ანა ჩემინავა, რომელიც პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას გადის. ამას გარდა, დღეს ირის ანტმანმა გადახალისებული შემადგენლობაც ათამაშა. ამასთან, ქართველთა მწვრთნელმა მხოლოდ ორი მოთამაშე შეცვალა. აღსანიშნავია, რომ  მეორე ტაიმში ანტმანმა სათამაშო დრო მისცა საქართველოს ქალთა ლიგის 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელს 15 წლის ანანო წიქარიძეს, რომელსაც დღეს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ შეხვედრებში დებიუტი ჰქონდა და რომელმაც გუნდის დღევანდელი შემადგენლობიდან ყველაზე გამოცდილი ტატა მატვეევა შეცვალა.


„საკმაოდ კარგი ორკვირიანი შეკრება გვქონდა, რომლის დროსაც ყველა გეგმა შევასრულეთ. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ გაგვიჭირდა, დღევანდელი შედეგით მაინც კმაყოფილები ვართ", - ამბობს ტატა მატვეევა, ვეტერანი ქალი ფეხბურთელი.



დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები, 3-3 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს კვიპროსის ნაკრებთან, რომელმაც თავის მხრივ მალტის ნაკრები 2-1 დაამარცხა. სწორედ, კვიპროსის ნაკრებს შეხვდება საქართველოს ნაკრები, ჯგუფის მეორე სათამაშო დღეს.


„ვერ გეტყვით, კვიპროსთან როგორ ვითამაშებთ, მიუხედავად იმისა, რომ წინა შესარჩევში დავამარცხეთ. ახლა სხვა გუნდია, მოდიან ახალი მოთამაშეები, ჰყავთ ახალი მწვრთნელი. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, ისევე როგორც დღევანდელი თამაში იყო, თუმცა, ვიმედოვნებ რომ ისევ მოვახერხებთ გამარჯვებას", - ამბობს ანტმანი.



ჩვენი ნაკრები ლარნაკაში 24 თებერვალს დილით გაემგზავრება. იმავე დღეს, მომავალი შეხვედრის მასპინძელ, AEK Arena-ზე ივარჯიშებს. 25 თებერვალს, კი, თბილისის დროით, 21:00 საათზე უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის C2 შესარჩევი ჯგუფის მეორე შეხვედრაში დაუპირისპირდება.