
ქართული დუბლი, ასეთი სათაურით აქვეყნებს პარა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია სტატიას ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებიდან, სადაც ირმა ხეცურიანის ოქროს შემდეგ, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კიდევ ერთი, A კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი პარასპორტსმენი, ნინა თიბილაშვილი აღმოჩნდა. თუმცა, ის, რომ ოქრო, ეტლით ფარიკაობაში, აუცილებლად ქართული გუნდის იქნებოდა ეჭვს არც იწვევდა, ვინაიდან, ფინალში ასპარეზობა ნინასთან ერთად, გვანცა ზადიშვილმაც მოახერხა.
„საოცარი ფინალი იყო, თუმცა, ოდნავ სევდიანი, რადგან გვანცა ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ეს ფარიკაობაა", - იტყვის ნინა აღნიშნული გამოცემისთვის გაკეთებულ კომენტარში ფინალური ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა ნინა თიბილაშვილმა 15-8 მოიგო.
აღნიშნული გამოცემა ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - წესების თანახმად, თუკი ერთმანეთის წინაშე ერთი და იმავე გუნდის (ქვეყნის) სპორტსმენები ასპარეზობენ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელს არ აქვს უფლება რომელიმე დაარიგოს. აქედან გამომდინარე, მოფარიკავეებთან ირმა ხეცურიანი გამოჩნდა და მათ გამხნევებას შეეცადა.
საბოლოდ, ეტლით ფარიკაობაში 2025 წლის პირველი ტურნირის პირველი დღე ქართველი პარასპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა - ჩვენს ანგარიშზე ორი ოქროს და ერთიც ვერცხლის მედალია.