ქალთა ეროვნული ერთა ლიგის სასტარტო თამაშისთვის მზადებას აგრძელებს
ქალთა ეროვნული ერთა ლიგის სასტარტო თამაშისთვის მზადებას აგრძელებს
19.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

21 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ახალ სეზონს ანდორას ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყებს. ირის ანტმანის შეგირდები ამ გათამაშებას ახალი გამოწვევებით და მიზნებით იწყებენ.

„ჩვენ ხანგრძლივი მოსამზადებელი შეკრება გვქონდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ახლა ქალთა ჩემპიონატში შესვენებაა. თუმცა, გოგოები ინდივიდუალურად ემზადებოდნენ. ამას გარდა, რამდენიმე კლუბს ახალი ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია. ბუნებრივია, არ ვართ იდეალურ ფორმაში, რადგან ეს არ არის ჩემპიონატის შუალედი, მაგრამ ასე ადრეც ვყოფილვართ. ჩვენ ვთამაშობთ ამ ლიგაში და ჩვენ უნდა შევეცადოთ მოვიგოთ თამაშები. გუნდში, საკმაოდ ჰარმონიული ვითარებაა, არის გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზი. არ აქვს ფეხბურთელის ასაკს მნიშვნელობა, მთავარია ხასიათი და რის გაკეთება შეუძლია მოედანზე", -  ამბობს ირის ანტმანი, ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს აღნიშნულ შეხვედრებში, წინა ციკლისგან განსხვავებით, გამოცდილ ფეხბურთელთაგან ანა ჩემინავა დააკლდება, რომელიც ამ მომენტში პოსტ-ტრამვულ და სარეაბილიტაციო პროცესს გადის. ჩემინავას გარეშე და სავარაუდოდ, ახალი სახეებით საქართველოს ქალთა ნაკრები უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის ახალ ტურნირს, 21 თებერვალს, 19:00 საათზე ანდორას ქალთა ნაკრების წინააღმდეგ მატჩით იწყებს. მიხეილ მესხი 2-ზე გულშემატკივრის დასწრება თავისუფალია.


ანდორასთან შეხვედრის შემდეგ, 24 თებერვალს დილით, საქართველოს ქალთა ეროვნული კვიპროსზე გაემგზავრება, სადაც 25 თებერვალს ადგილობრივ და ჩვენთვის კარგად ნაცნობ ნაკრებს დაუპირისპირდება. ანდორასა და კვიპროსისი გარდა, ირის ანტმანის გუნდს უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში კიდევ ერთ, მალტის ნაკრებთან მოუწევთ დაპირისპირება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ქალთა ეროვნული ჯგუფის მოგებას მოახერხებს და ამის საკმაოდ კარგი შანსიც არის, ჩვენი გუნდი ერთი ლიგით დაწინაურდება.


თუმცა, მანამდე ჯერ სადებიუტო თამაშია, რომელიც საქართველოს ნაკრებს უფრო ანდორასათვის მიახლოებულ ამინდში უწევს.



სფფ-ს ფოტოები