
მეორე დღეა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ფიბა-ს ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეკრებისთვის ემზადება. ერთდღიანი შესვენების შემდეგ 15 კალათბურთელმა განაგრძო ვარჯიში. ალექსანდერ ჯიკიჩის განკარგულებაშია უკვე ყველა ლეგიონერი, რომელთაგან გუნდს ყველაზე ბოლოს კაპიტანი თორნიკე შენგელია შეუერთდა.
ამრიგად სერბი სპეციალისტის მეთვალყურების ქვეშ დანიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ინტენსიურად ემზადებიან: ლუკა ლიკლიკაძე („ორბი"), გიორგი ოჩხიკიძე („ქუთაისი 2010"), ლუკა მაზიაშვილი, კახა ჯინჭარაძე (ორივე „ამრა გაგრა"), სანდრო სანაძე („ზესტაფონი"), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ილია ლონდარიძე („ბათუმი"), გიორგი კორსანტია („ქუთაისი 2010"), რატი ანდრონიკაშვილი („ობრადოირო", ესპანეთი), კამარ ბოლდუინი („ბასკონია", ესპანეთი), მათე ხატიაშვილი („ბასკონია U18", ესპანეთი), დუდა სანაძე („ესპეროსი", საბერძნეთი), ბექა ბურჯანაძე („კორუნა", ესპანეთი), თორნიკე შენგელია („ვირტუსი", იტალია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი).
აქვე, კალათბურთის მოყვარულებს, ვფიქრობთ არ სჭირდებათ შეხსენება, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ ფიბა-ს ამ სანაკრებო ფანჯარაზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მოთამაშეები გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი.
უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს ნაკრების მსგავსად თბილისში, თბილისი არენაზე 21 თებერვლის მატჩისთვის ემზადება დანიის ნაკრებიც. შესაბამისად, ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს, საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ დარბაზს გაშინაურებოდა. ახლა, ერთადერთი რაც მათ სრულ დისკომფორტს შეუქმნის სავსე ტრიბუნა და უწყვეტი ქომაგობაა, რომელის საქართველოს ნაკრებს არც არასდროს აკლია, თუმცა, ამჯერად, დანიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში, სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზური დევს. საქართველოს ნაკრებს, იმისთვის რომ მეექვსედ იასპარეზოს ევროპის მთავარ საკალათბურთო ფორუმზე აღნიშნულ შეხვედრაში აუცილებლად მოგება სჭირდება.
„ქართველ გულშემატკივარს, მინდა ვთხოვო, მობრძანდეს ჩვენს ახალ სპორტის სასახლეში და გვიქომაგონ დანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. ყველამ კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაშ ჩვენთვის, ჩვენი კალათბურთის მომავლისთვის და იმედია, ეს დღე იქნება ჩვენთვის დაუვიწყარი", - ამბობს გიორგი შერმადინი, მიმართვაში რომელსაც ქართველი გულშემატკივრისთვის კალათბურთის ფედერაციის სოციალური ქსელის დახმარებით აკეთებს.
ამავე გვერდზე, გულშემატკივარს აქტიურობისკენ მოუწოდებს ჩვენი გუნდის ნატურალიზებული მოთამაშე კამარ ბოლდუინი: „მინდა ვთხოვო გულშემატკივარს, მოვიდეს და გვიქომაგოს 21 თებერვლის მატჩში, ერთად გავაგრძელოთ ისტორიის წერა".
აქვე შეგახსენებთ, რომ ფიბა-ს ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა თბილისი არენაზე 21 თებერვალს, 20:50 საათიდან დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთები ჯერ კიდევ არის გაყიდვაში.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო