ერთი მოგებული ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატამდე
ერთი მოგებული ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატამდე
19.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის ჩემპიონატიდან მსოფლიოს ჩემპიონატამდე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მორიგ წარმატებას აღწევს. ამჯერად, ჩვენმა სპორტულმა წყვილმა, მონაწილეობა ნიდერლანდებში, 15-17 თებერვალს, ქალაქ ტილბურგში გამართულ საერთაშორისო, ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის თასზე მიიღო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.


ქართულმა წყვილმა, მოკლე პროგრამაში 70.58 (37.65 / 32.93) ქულა დაიმსახურა და მთელი 15.39 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ პოლონურ წყვილს. თუმცა, ამისდა მიუხედავად, მეტელკინასა და ბერულავას წყვილმა არც თავისუფალ პროგრამაში მისცა მოწინააღმდეგებს ახლოს მიახლოების საშუალებაც კი. ამჯერად ანასტასიამ და ლუკამ  მსაჯებისგან 133.34 (68.91 /64.43) ქულა მიიღეს და ამ პროგრამაში, მეორე ადგილზე გასულ, ტურნირის მასპინძელ წყვილს 19.61 ქულით აჯობეს. შესაბამისად, ორი პროგრამის ჯამში, ჩვენებმა ჯამური 203.95 დააგროვეს და 35.88 ქულით გადაასწრეს მეორე ადგილზე გასულ მოწინააღმდეგეს (იხილეთ ოქმი).


აღსანიშნავია, რომ ჩელენჯერის თასზე ნაჩვენები შედეგი ოდნავ ჩამორჩება მეტელკინასა და ბერულავას წყვილის სეზონის საუკეთესო შედეგებს 213.05 (72.86 / 142.77), თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ბუნებრივია, ყველა წარმატებული სტარტი სტიმულის მომცემია. ამასთან, ზოგჯერ, მსუბუქად მოსაგებ ტურნირებზე, ძალების შენახვა ყველაზე გამართლებულია. ასე რომ ველით მსოფლიო ჩემპიონატს და ქართული წყვილის და მთლიანად ქართული გუნდის წარმომადგენლების წარმატებულ გამოსვლას.