სიახლეებით და ახალი იმედებით, ქალთა ლიგის ახალი სეზონი მარტში იწყება
სიახლეებით და ახალი იმედებით, ქალთა ლიგის ახალი სეზონი მარტში იწყება
18.02.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ქალთა ლიგის 2025 წლის გათამაშება სტარტს 9 მარტიდან აიღებს. ქვეყნის ქალთა ფეხბურთის ვებ-გვერდზე, რეგულარული ჩემპიონატის კალენდარი გამოქვეყნებულია და ქალთა ფეხბურთის გულშემატკივარსაც, საყვარელი გუნდის საქომაგოდ, უკვე შეუძლია დაიგეგმოს.


ისევე, როგორც განვლილ ჩემპიონატებში, ამჯერადაც, გათამაშება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის დროს გუნდები სახლი-გასვლის პრინციპით რეგულარულ ჩემპიონატში ითამაშებენ, ამის შემდეგ კი, მომდევნო ეტაპზე ორ ჯგუფად დაიყოფიან. ზედა ჯგუფი მედლებისთვის გააგრძელებს ასპარეზობას. ქვედა ჯგუფში კი, გუნდები ძლიერთა შორის დარჩენისთვის იბრძოლებენ. აქ ერთი დეტალი, ქვედა ჯგუფის ბოლო ადგილოსანი, 2026 წლის სეზონში ერთი ლიგით დაქვეითდება, ბოლოს წინა ადგილზე გასული კლუბი კი, ქალთა ლიგა 2-ის მეორე ადგილოსან გუნდთან ფლე-ოფში ითამაშებს.


თუმცა, მომავალ გათამაშებაში არის სიახლეებიც. მაგალითად, 2025 წლის სეზონზე 8 გუნდის ნაცვლად 10 გუნდი ითამაშებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რის შესახებაც ქალთა კლუბების მენეჯმენტისგან შევიტყეთ, აღდგება ქალთა საფეხბურთო თასის გათამაშებაც. ფორმატი, სავარაუდოდ მამაკაცთა თასის გათამაშების იდენტური იქნება.


სიახლეებია, ქალთა კლუბებში სატრანსფერო თვალსაზრისითაც. მაგალითად, ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ანანო წიქარიძე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „ლანჩხუთის" ღირსებას დაიცავს. ისევე, როგორც გამოცდილი ტატა მატვეევა. მშობლიურ „ლანჩხუთში" დაბრუნდა საქართველოს ნაკრების მეკარე თათია გაბუნიაც, რომელმაც ერთი წელი „კვარტალში" გაატარა. რადგან სიტყვამ „კვარტალი" მოიტანა, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდში, რომელიც ქალთა ლიგის გათამაშებებში ტრადიციულად ყველაზე ახალგაზრდულია, აქცენტს, კვლავ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს. ამ მომენტისთვის „კვარტალის" ყველაზე გამოცდილი მოთამაშე ნინო პასიკაშვილია, რომელიც თათია გაბუნიასთან, ტატა მატვეევასთან და ანანო წიქარიძესთან ერთად, ამჟამად, თბილისში, ქალთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად გადის შეკრებას და მომავალი სანაკრებო თამაშებისთვის ემზადება.


სიახლეა იმ მიმართულებითაც, რომ პირველად ქალთა ლიგის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მოახერხა სეზონებს შორის მოსამზადებელი ეტაპის უცხოეთში გავლა. „ნიკე-ლუსომ", რომელშიც გასული სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი თეონა ბაქრაძე ითამაშებს, ამას გარდა, ბევრი ცნობადი ქართველი ფეხბურთელითა და ლეგიონერით გაძლიერდა, ზამთრის შეკრება თურქეთში გაიარა.


საინტერესოა, მოახერხებს თუ არა საქართველოს ქალთა ჩემპიონატების პირველი გათამაშებისა და ორ გზის ჩემპიონი „მართვე", ამ სეზონში მაინც დიდების დაბრუნებას. ამ მიმართულებით სიახლეებია ქუთაისურ კლუბში, რომელმაც გამოცდილი მცველი ნათია სხირტლაძე დაიმატა.


ქალთა ლიგის სატრანსფერო ფანჯარა, წესით 31 მარტს უნდა დაიხუროს, ასე რომ ვადის ამოწურვამდე გუნდებში შესაძლოა, კიდევ ბევრი სიახლე იყოს.


ქალთა ლიგას ჰყავს ორი დებიუტანტიც თბილისის „ვერე" და „რაჭა 2020", რომლებიც საკმაოდ თვითმყოფადი გუნდების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ გასულ სეზონებში ქალთა ლიგა 2-ში და იმედია, ამ შემართებით იასპარეზებენ უკვე ძლიერთა შორისაც. ქალთა ლიგაში დაბრუნდა „სამეგრელოც", რომელმაც გასულ სეზონში ლიგა 2 მოიგო.


მაშ ასე, ქალთა ლიგის 2025 წლის სეზონის მონაწილე გუნდები არიან: „ლანჩხუთი", „კვარტალი", „მართვე", „ნორჩ დინამო", „ბათუმი", „ელიტა", „ნიკე-ლუსი", „ვერე", „სამეგრელო" და „რაჭა 2020".


და ბოლოს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი" 2025-2026 წლების უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ქართული კლუბი, ისევე როგორც გასულ სეზონში, წინა საკვალიფიკაციო ეტაპს გამოტოვებს და პირდაპირ საკვალიფიკაციო ჯგუფში იასპარეზებს - შარშანდელი ფორმატის მსგავსად, 1/2 ფინალური ერთ-რაუნდიანი შეხვედრა, საიდანაც გამარჯვებული ფინალში გადავა და ჯგუფის მოგებას შეეცდება, დამარცხებული კი, ჯგუფში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. სხვათა შორის, სიახლეა ამ მხრივ ევროტურნირებზეც. თუმცა, ამის შესახებ დამოუკიდებელ სტატიაში შევეცდებით გიამბოთ.


მანამდე კი, ბუნებრივია, ვიტოვებთ იმედს, რომ „ლანჩხუთი" საკვალიფიკაციო ჯგუფის მოგებას მოახერხებს და მთავარ ტურნირზე ამ გზით გადაინაცვლებს. თუმცა, წელს პირველად, ჩნდება შანსი, საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე და მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ქართულმა კლუბმა, ევროტურნირებზე ასპარეზობა გააგრძელოს.


საქმე ისაა, რომ ქალთა ფეხბურთისადმი მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, უეფა-მ 2025-2026 წლების სეზონიდან გადაწყვიტა ახალი საკლუბო ტურნირი დაიწყოს - უეფა-ს ევროპის თასი, რომელშიც ქალთა საკლუბო კოეფიციენტში, 24 საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ქვეყნის წარმომადგენელს შეეძლება ასპარეზობა, სადაც ჩვენ ვერანაირად ვხდებით. შესაბამისად, რიგ ქართულ მედიაში აგორებული ჭორი, რომ  ქალთა შორის უეფა-ს ევროპის თასზე საქართველოს ქალა ლიგის მეორე ადგილოსანი „კვარტალიც" იასპარეზებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, შესაძლოა ახალ ტურნირზე, ე.წ. „ჩემპიონთა გზით", აღმოჩნდეს „ლანჩხუთი", თუკი, საკვალიფიკაციო ჯგუფურ რაუნდში, ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ან მეორე, ან მესამე ადგილზე გავა.


ასე, რომ უქომაგეთ ქალთა ფეხბურთს და დაელოდეთ ჩვენს ასჯერ გადამოწმებულ და არა ყვითელ, კულუარულ საინფორმაციო სტატიებს.