
ეროვნული ნაკრები სახლში, „დინამო არენაზე" ბრუნდება, მხოლოდ ერთი პირობით - „სამხარაულის" დასკვნის საფუძველზე დაიკეტება პირველი იარუსის 6 სექტორი, რაც საერთო მოცულობით 4000 გულშემატკივარს იტევს, ამას დაემატება სტუმარი გუნდისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა, სექტორი ქომაგებისთვის, რომელმაც შესაძლოა ოდნავ როტაცია განიცადოს და ასევე მედია და ტექნიკური ზონები. საერთო ჯამში, ერთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრას, რომელიც 23 მარტს გაიმართება საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის, იმაზე მეტი ქომაგი შეძლებს დაესწროს, ვიდრე ეს მოხერხდებოდა „მიხეილ მესხზე", ქუთაისში „რამაზ შენგელიას არენასა" და ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე".
„დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, როგორც იცით, სრულად შეზღუდული იყო პირველი იარუსის გამოყენება. დამატებითი დეტალური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პირველი იარუსის 18 სექტორიდან მხოლოდ ექვსი სექტორის გამოყენებაა შეზღუდული. შესაბამისად, გახსნილია სტადიონის პირველი იარუსის 2/3 და მეორე იარუსი სრულად. მათ შორის, შეზღუდვა არ ეხება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებს, მედიის სამუშაო სივრცეს, ტექნიკურ ზონას და სტუმარი გულშემატკივარის ტრიბუნას.
როგორც აღვნიშნე, პირველადი დასკვნით, რომელიც დინამო არენამ ივნისში მოგვაწოდა, პირველი იარუსი სრულად იყო დახურული, ხოლო დღევანდელი მონაცემებით შეზღუდვა 6 სექტორს ეხება, რაც დაახლოებით 4000 ადგილია. საქართველო-სომხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში, ახალი სქემის დამუშავების შემდეგ გავავრცელებთ.
ვიმედოვნებ, რომ პრობლემური სექტორების რეაბილიტაცია შემდგომი მატჩებისთვის დასრულდება და სრულად შევძლებთ სტადიონის ტევადობის ათვისებას", - ამბობს დავით მუჯირი, სფფ-ს სანაკრებო გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სფფ-ს გენერალური მდივანი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს კონკრეტულ სექტორებს და ამ ეტაპზე არც ფედერაცია აქვეყნებს კონკრეტულ თარიღს თუ როდიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა. ჯერ-ჯერობით ასევე უცნობია, თუ როდის დაიწყება სომხეთში, ამავე დაპირისპირების პირველი რაუნდის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რომელიც ერევანში, 20 მარტს, „ვაზგენ სარგსიანია სახელობის რესბუბლიკის სტადიონზე", თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ამ დუელის საპასუხო მატჩი, 23 მარტს თბილისში, 18:00 საათზე არის დაგეგმილი.