მედლების გარეშე დასრულებული ბაქოს გრან სლემი
მედლების გარეშე დასრულებული ბაქოს გრან სლემი
16.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

14-16 თებერვალს აზერბაიჯანმა ტრადიციულ ბაქოს გრან სლემს უმასპინძლა. ტურნირზე საქართველო 8 ჯუდოკათი და 7 წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი. ჩვენი გუნდის სახელით მედლებისთვის იბრძოდნენ  ლაშა ნადირაძე (-66კგ), გიორგი ჩიხელიძე, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე -73კგ), ირაკლი ბეროშვილი (-81კგ), სოსო ებილაშვილი (-90კგ), საბა ინანეიშვილი (+100 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფო სომხიშვილი (+78კგ).


ბუნებრივია, იყო მოლოდინი რომ მინიმუმ სამი ჯუდოკა რომელიმე მედალს მოიგებდა, თუმცა, მეზობელ აზერბაიჯანში, ქართული გუნდი ხელმოცარული დარჩა. რა თქმა უნდა, მსგავს ტურნირებზე უნდა გაიზარდონ, მომავალი ვარსკვლავები და ის, რომ ბაქოდან მედლები არ მოგვაქვს, დამაქცეველიც არაა. თუმცა, პირადად ჩვენ ერთი დეტალი გვადარდებს, მაგალითად საბა ინანეიშვილის ბრინჯაოს ფინალები. ქართველი, რომელიც 1/2 ფინალში აგებს, ფაქტია, რომ ბრინჯაოს ფინალისთვის დემორალიზებულია. დაახლოებით, იგივე პრობლემის წინაშე დგანან სხვა ქართველი ჯუდოკებიც, თუმცა, ეს აშკარად, ინდივიდუალურ სახეობებში მოასპარეზე სპორტსმენების საერთო სენია და შესაბამისი ფედერაციები, რაც მალე მიიღებენ, აღიარებენ და შემდეგ შეეცდებიან ამ ვითარების გამოსწორებას, ქართულ სპორტსაც უფრო წაადგება და ქართველ სპორტსმენებსაც.


ბაქოში კი, საბას გარდა მედლებთან ყველაზე ახლოს სოფო სომხიშვილი იყო.


აქვე შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთ თვეში, IJF-ის მსოფლიო ტურნე საქართველოშიც „შემოივლის". ტრადიციულ თბილისის გრან სლემამდე, რომელიც 21-23 მარტს გაიმართება, ჯუდოს საერთაშორისო ფედერაცია კიდევ ორ შეჯიბრს ჩაატარებს. აქედან პირველი ტრადიციული ტაშკენტის გრან სლემია, თუმცა, ჯერ-ჯერობით, აღნიშნულ ტურნირზე ქართული გუნდის განაცხადი საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე არ ჩანს.


გეტყვით იმასაც, რომ 2025 წელს ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტურნეს ფარგლებში, მედლების მოგება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორმა, ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) ბრინჯაო და ლუკა მაისურაძემ (-90კგ) ვერცხლი მოახერხეს პარიზის გრან სლემზე. ვნახოთ, როგორ განვითრდება წლები და იმედი დავიტოვოთ, რომ გაზაფხულთან ერთად, ქართველი ჯუდოკები საბოლოოდ „გამოიზამთრებენ" და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდებიან.