
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების უმნიშვნელოვანეს თამაშამდე 5 დღეღა რჩება. ალექსანდერ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი, რომელიც დანიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშისთვის არასრული და ამავდროულად, გაფართოებული შემადგენლობით 10 თებერვლიდან შეიკრიბა დღეს ისვენებს. ხვალიდან კი, ჩვენი ქვეყნის ნაკრები ფიბა ევრობასკეტი 2025-ის მთავარი თამაშისთვის განაახლებს ვარჯიშს. ე.წ. შეკრების პირველი ციკლიდან, გენერალურ შეკრებაზე 8 მოთამაშე (ლუკა ლიკლიკაძე („ორბი"), გიორგი ოჩხიკიძე („ქუთაისი 2010"), ლუკა მაზიაშვილი, კახა ჯინჭარაძე (ორივე „ამრა გაგრა"), სანდრო სანაძე („ზესტაფონი"), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ილია ლონდარიძე („ბათუმი"), გიორგი კორსანტია („ქუთაისი 2010")) გადაინაცვლებს. მათ კი, კიდევ შვიდი ლეგიონერი (რატი ანდრონიკაშვილი („ობრადოირო", ესპანეთი), კამარ ბოლდუინი („ბასკონია", ესპანეთი), მათე ხატიაშვილი („ბასკონია U18", ესპანეთი), დუდა სანაძე („ესპეროსი", საბერძნეთი), ბექა ბურჯანაძე („კორუნა", ესპანეთი), თორნიკე შენგელია („ვირტუსი", იტალია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი) შეუერთდება, რომელთაგან რამდენიმემ უკვე მოახერხა დღევანდელ შესვენებამდე ნაკრებთან ერთად ევარჯიშა.
კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩვენი ნაკრები დღეიდან „ქორთიარდ მერიოტში" იცხოვრებს და თბილისი არენაზე მოემზადება. თბილისი არენაზე ივარჯიშებს დანიის ნაკრებიც, რომელიც უკვე თბილისშია (!) და ქართულ აკლიმატიზაციას გადის. ცხოვრებით კი, ჩვენი მომავალი მეტოქეები, „ჰოლიდეი ინში" არიან დაბანაკებულები.
საქართველოსა და დანიის კალათბურთის ნაკრებების დაპირისპირებისას გაირკვევა ვინ გახდება ევრობასკეტი 2025-ის საგზურის მფლობელი. ორივე გუნდს, ამ შეხვედრაში ხელს, მხოლოდ მოგება აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჯგუფის სატურნირო მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები, ლიდერი სერბეთის ნაკრების შემდეგ, მეორე ადგილზეა, დანიისა კი ბოლო, მეოთხეზე, ჩვენი ნაკრების მარცხის შემთხვევაში, დანიელებს ბოლო ჯგუფური შეხვედრა ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ რჩება. ფინეთი, ევრობასკეტის მასპინძლის სტატუსიდან, ფინალურ ეტაპზე ასეც და ისეც ითამაშებს. შესაბამისად, დიდი ალბათობაა, რომ უმოტივაციო ფინეთმა, ბოლო შეხვედრაში დანიელებთან არ იბრძოლოს. საქართველოს ნაკრებს კი, სერბეთის წინააღმდეგ უწევს გასვლითი ჯახი და თუკი, 21-ში წავაგებთ, ჩვენ, სერბებთან მოგებაც აღარ გვიშველის.
21 თებერვალს მოგების შემთხვევაში კი, საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეექვსედ მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს და საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩსაც სერბეთის წინააღმდეგ, აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. G ჯგუფიდან, სერბეთი და საქართველო გავლენ.
სწორედ ამიტომ, 21 თებერვალს საქართველოსა და დანიის შეხვედრისას უმნიშვნელოვანესია ტრიბუნაზე მე-6 მოთამაშის ყოფნა და აქტიურობა. ეს კი, მიუხედავად იმისა, რომ თამაშზე დასასწრები ბილეთები ჯერ კიდევ გაყიდვაშია და საკმაოდ ძვირიც ღირს, ქართული რეალობიდან გამომდინარე.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო