
ნინო წიკლაურმა ავსტრიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სლალომში 68-ე ნომრით აიღო სტარტი და პირველი დაშვებისას 1:09.05 დააფიქსირა. ქართველმა, რომელიც მეორე დაშებისას 33-ე საფეხურზე იყო, გააუმჯობესა საკუთარი შედეგი 1:08.69, ორი ცდის ჯამში 2:17.74 დააფიქსირა, რამაც საბოლოოდ, +19.74 ჩამორჩენა შეადგინა გამარჯვებულთან, შვეიცარიელ კამილე რესთისთან. თუმცა, ჩვენი წარმომადგენლისთვის საკმარისი აღმოჩნდა, მსოფლიოს საუკეთესო 30 მოთხილამურეს შორის მოსახვედრად. წიკლაურმა ასპარეზობა 28-ე ადგილით დაასრულა (იხილეთ სრული ოქმი).
დღევანდელ შეჯიბრებამდე ნინომ გიგანტურ სლალომშიც იასპარეზა, თუმცა, პირველი დაშვებისას, ტრასის დასრულება ვერ მოახერხა. დღეს, სლალომში ნაჩვენები შედეგი კი, საუკეთესოა წიკლაურის კარიერაში ნაჩვენებ შედეგებს შორის.
„პირველ რიგში ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით, ჩემი კარიერის განმავლობაში საუკეთესო შედეგია და ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ ეს როგორ შევძელი. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ორი წელია ტრავმა ვერ მოვირჩინე, მიჭირს ვარჯიში. ჯერ კიდევ მაწუხებს მუხლი, ფიზიკურად ნამდვილად არ ვიყავი მზად. ამას კიდევ ის დაემატა, რომ ძალიან გრძელი და რთული ტრასა იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად შევძელი ამ ყველაფრის დაძლევა და ძალიან მიხარია. სამწუხაროდ, გიგანტურ სლალომში ფეხი ძალიან დამეტვირთა, ფაქტიურად ტრასის გაგრძელება ვერ შევძელი და გავჩერდი. ამჟამად სლალომში უფრო თავდაჯერებული ვარ და იმედი მაქვს, შემდეგ შეჯიბრებებზე ეს გამოცდილება კიდევ უფრო დამეხმარება", - ამბობს ნინო წიკლაური, რომელიც საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვებ-გვერდმა გაავრცელა.
განსხვავებით ნინოსგან მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ქართველ ვაჟ მოთხილამურეებს, სლალომში მთავარ შეჯიბრში მოსახვედრად, საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა მოუხდათ. სამწუხაროდ, მეორე ცდა ვერ დაასრულა ლევან ნაზღაიძემ, რომელმაც პირველ ცდაში 54.14 უჩვენა. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი დაშვებისას გამოეთიშა ასპარეზობას ნოდარ კოზანაშვილმა. კვალიფიკაციის გადალახვა მოახერხა, თუმცა, მოგვიანებით დროზე ადრე გამოეთიშა ტურნირს ლუკა ბუჩუკურიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრები ნინო წიკლაურის, ნოდარ კოზანაშვილის, ლევან ნაზღაიძისა და ლუკა ბუჩუკურის შემადგენლობით ავსტრიაში, სამთო-სათხილამურო კურორტ ზაალბახში იმყოფებოდა, სადაც 4-16 თებერვლის ჩათვლით, მსოფლიო ჩემპიონატი იმართება.
ფოტო: (c) nivelcoracingteam
სტატია რედაქტირებულია 16.02.2025 / 23:00