
თბილისის გრან სლემამდე, რომელიც IJF-ს 2025 წლის 21-23 მარტს აქვს ჩანიშნული კალენდარში, კიდევ სამი შეჯიბრია ჩანიშნული, რომელთაგან პირველი 14-16 თებერვალს ბაქოში გაიმართება. ბაქოს გრან სლემზე საქართველო 8 ჯუდოკათი და 7 წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. ჩვენი გუნდის სახელით მედლებისთვის იბრძოლებენ:
-66კგ - ლაშა ნადირაძე
-73 კგ - გიორგი ჩიხელიძე, ბაგრატ ნინიაშვილი
-81 კგ - ირაკლი ბეროშვილი
-90 კგ - სოსო ებილაშვილი
+100 კგ - საბა ინანეიშვილი
-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ სოფო სომხიშვილი
აღსანიშნავია, რომ ბაქოს გრან სლემზე თავიდან განაცხადში იყო ილია სულამანიძე, თუმცა, მოგვიანებით ქართული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ილია, საბა ინანეიშვილით ჩაანაცვლა.
ბაქოს გრან სლემს, ასევე ტრადიციული, ტაშკენტის გრან სლემი მოყვება, რომელიც 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ამ მომენტისთვის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე, ჯერ-ჯერობით ქართული გუნდის განაცხადის შესახებ არაფერია ნათქვამი.
სამაგიეროდ ცნობილია, ავსტრიის გრან პრიზე მონაწილე ქართული გუნდის შემადგენლობა, სადაც ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გურამ თუშიშვილის გვარის დანახვაა. 6 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ქართველი ჯუდოკა ტატამის უბრუნდება. ავსტრიაში, ხანგრძლივი ტრავმისა და რეაბილიტაციის შემდეგ იასპარეზებს შალვა გურეშიძე. IJF-ის განაცხადში არის ტატო გრიგალაშვილიც, თუმცა, ერთადერთი უცნაურობა, რაც სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს ხვდებათ თვალში, არის წონითი კატეგორია, რომელშიც გრიგალაშვილი არის დარეგისტრირებული. ქართველი, -81კგ-ის ნაცვლად -90კგ-ში იასპარეზებს. წონით კატეგორიაში, სადაც საკმაოდ საინტერესო კონკურენციაა ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე, ტატოს გადასვლა კიდევ უფრო ძაბავს და ინტრიგას მატებს აღნიშნულ წონას.
ავსტრიაში, გრან პრიზე, რომელიც 7-9 მარტს არის ჩანიშნული, საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით აპირებს ასპარეზობას:
-60 კგ - ნიკა ხუზაურაშვილი
-66 კგ - თენგო ზირაქაშვილი
-73 კგ - გიორგი ტერაშვილი, გიორგი ლოლაძე
-81 კგ - დიმიტრი გოჩილაიძე
-90 კგ - გიორგი ჯაბნიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
-100 კგ - იმედა გოგოლაძე
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე
ავსტრიის გრან პრის შემდეგ კი, რიგში თბილისის გრან სლემია, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, 21-23 მარტს გაიმართება.
ფოტო: © IJF