საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
11.02.2025
ავტორი: TSFF.Ge

2025 წლის 8-დან 14 მარტის ჩათვლით, 17-წლამდე გოგონათა შორის, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შეეცდება. ამისთვის სალომე ხუბულურის გაწვრთნილ გუნდს, საკვალიფიკაციო ეტაპის A დივიზიონის ჯგუფში მოუწევს ასპარეზობა იტალიის, ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად. ჩვენი ჯგუფის თამაშებს ხორვატია უმასპინძლებს. დებულების თანახმად, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ბოლო ადგილოსანი კი, B ლიგაში დაქვეითდება.


თუმცა, მანამდე, საქართველოს გოგონათა ეს ასაკობრივი ნაკრები მოსამზადებელი ციკლის ფარგლები, ათენში ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს. 13 თებერვალს თბილისის დროით 13:30 საათზე, საბერძნეთისა და საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებები მეორედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დღეს გამართულ პირველ სპარინგში კი, ჩვენი გუნდი 0-2 დამარცხდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ხუბულურის გუნდმა მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუშვა.


მეკარეები: ანანო სიგუა („ნიკე-ლუსო"), ნინო მეტრეველი („რუსთავი"), ელენე ბონდარევა („ნორჩი დინამო"); დაცვა: ლოლიტა კალოიანი („რუსთავი"), ელიზაბეტ რიჟამაძე („კვარტალი"), ლიზი კავსაძე („ნორჩები"), სოფო ხაჟალია („ნორჩები"), ნინი ვეკუა („ნორჩები"); ნახევარდაცვა: კესო მეტონიძე („რაჭა 2020"), ანანო მიქაბერიძე („რუსთავი"), ლიზი კაკულია („დინამო" გაგრა), ანანო ჯოჯუა („კოლხეთი" ხობი), თაკო ბულია („რაჭა 2020"), ანა დოლიშვილი („ახალგორი"), ქეთევან ჭურკვეიძე („ბათუმი"), სოფო ბერულავა („ნორჩი დინამო"), მარიამ გასანოვა („კვარტალი"); თავდასხმა: თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო"), სესილი გაბრელიანი („ახალგორი"), ანი დავითულიანი („სამეგრელო").



ფოტო: საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია