
მას შემდეგ რაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, სლოვაკეთში, ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დაასრულებს ასპარეზობას, რამაზ სვანაძის გუნდი ახალ თავგადასავალში ჩაებმება. დღეს ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 51 ქვეყანას შორის რეიტინგში მე-17 ადგილზეა, მეორე კალათაში იყო და წილისყრის შემდეგ, გერმანიის, საბერძნეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ლატვიისა და მალტის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ტურნირის დებულების თანახმად, ახალგაზრდულ ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის, რომელიც სერბეთსა და ალბანეთში ჩატარდება, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად გუნდები 9 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი, რომელთაგან სამი არის 5-გუნდიანი. გათამაშების ფინალური ეტაპის საგზურებს, ავტომატურად მიიღებენ, 9 ჯგუფის გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი, რომლის შედეგშიც არ იქნება გათვალისწინებული ჯგუფის ბოლო ადგილოსანთან ნაჩვენები შედეგი. ამრიგად ეს იქნება 10 გუნდი, რომელსაც მასპინძელი სერბეთი და ალბანეთი დაემატებიან. დარჩენილი რვა მეორე ადგილოსანი კი, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ორ-რაუნდიან ფლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას.
აქვე, შეგახსენებთ, რომ სწორედ, ასეთ ფლეი-ოფში ხორვატიის წინააღმდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2024 წლის ნოემბერში, რიეკაში, პენალტების სერიაში მოიპოვა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება და 2025 წლის ივნისის მეორე დეკადაში სლოვაკეთში იასპარეზებს.
მანამდე კი, 17-დან 25 მარტის ჩათვლით რამაზ სვანაძის გუნდში თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება და ორ სპარინგს გამართავს. სხვათა შორის, უეფა-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კალენდრის მიხედვით, ევროპის 2027 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩების საწყისი თარიღი სწორედ, 17-25 მარტია და დეტალური კალენდარიც უახლოეს საათებში გახდება ცნობილი, თუმცა, საქართველოს ნაკრები, აღნიშნულ საკვალიფიკაციო ეტაპზე 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ასპარეზობას.
17-25 მარტი, 2025
2-10 ივნისი, 2025
1-9 სექტემბერი, 2025
6-14 ოქტომბერი, 2025
10-18 ნოემბერი, 2025
23-31 მარტი, 2026
21 სექტემბერი - 6 ოქტომბერი 2026