
ზედიზედ მეორე და საკმაოდ მნიშნელოვანი გამარჯვება მოპოვა საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მეოთხე კალენდარულ მატჩში და ახლა, 4 შეხვედრის შემდეგ, 9 ქულით მეორე ადგილზეა და კარგი შანსი აქვს, საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით ფლეი-ოფში თამაშის უფლება და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი საგზურისთვის იბრძოლოს.
პლოვდივში გამართული მატჩი, ავთანდილ ასათიანის გუნდმა იმავე ხუთეულით დაიწყო, როგორითაც რამდენიმე დღის წინ თბილისურ თამაშში - თორნიკე ბუკია, გიორგი ჩიმაკაძე, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, დღევანდელ მატჩში დისცილპინარული სასჯელის შემდეგ, მოედანს შოთა თოფურია დაუბრუნდა, ბექა ტყემალაძის ადგილას კი, ამ დღეს თორნიკე ბუკიას, შემცვლელად, ლუკა ხარშილაძე ჰყავდა, რომელსაც ავთანდილ ასათიანმა, შეხვედრის დასასრულს სათამაშო დროც მისცა.
ალბათ, ვიდრე უშუალოდ თამაშს შევეხებით, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოს ნაკრები, სრულად ქართველი მოთამაშეებით არის წარმოდგენილი და ჩვენი ბრაზილიური ლეგიონიდან, რომელიც წელიწადნახევრის წინ ვერ მოინელა მავანმა, ქართულ გუნდთან თანამშრომლობას, მხოლოდ რონინიო აგრძელებს და ისიც, სამწვრთნელო შტაბში.
რაც შეეხება თამაშს, პირველიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართებოდა. თუმცა, ალბათ, გასვლითი შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე კარგი იქნებოდა, თუ ჩვენები, თამაშის სადავეებს პირველი წუთებიდან დამაჯერებლად აიღებდნენ ხელში. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა, ეს მოახერხეს - ჯერ 5'52'' წუთზე, ნიკა ხარატიშვილმა გახსნა ანგარიში. 8'52'' წუთზე, ღავთაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, 9'48'' წუთზე კი, ოთარ ბერეჩიკიძემ მესამე ბურთიც გაიტანა. ამის შემდეგ, ბულგარელებმა ერთი ბურთი გაქვითეს და შესვენებაზე ქარული გუნდი, ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 22'38'' წუთზე ღავთაძემ დუბლი გაიფორმა და რეალურად, ბულგარელების ყველა იმედი, ისევ და ისევ სათამაშო უპირატესობიდან გამომდინარე საბოლოოდ გადაწურა. 36'12'' წუთზე კი, ჰეთ-თრიქიც გაიფორმა.
საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ, 1-5 გაიმარჯვა (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი).
იხილეთ სატურნირო მდგომარეობა ბმულზე
მომდევნო შეხვედრებს ავთანდილ ასათიანის გუნდი 11 და 16 აპრილს გამართავს. ჯერ გასვლაზე კოსოვოსთან, ბოლოს კი სახლში ჯგუფის ლიდერთან საფრანგეთთან, რომელმაც ამჯერად კოსოვოს ნაკრები დაამარცხა 9-4.
ფოტო არქივიდან