
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს კარგი შანსი აქვს მეექვსედ იასპარეზოს ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე. ამისთვის ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოუგოს დანიის ნაკრებს, რომელთანაც დაპირისპირება ჩვენს ნაკრებს რამდენიმე დღეში, კერძოდ, 21 თებერვალს, თბილისის არენაზე უწევს. შემდეგ, კი გასვლაზე სერბებთანაც არ გვაწყენდა დადებითი შედეგის მიღწევა. სერბეთთან შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართება.
აღნიშნული მატჩებისთვის, ჩვენი გუნდი სამზადისს 10 თებერვლიდან შეუდგება. კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით, მხოლოდ 17 თებერვლიდან შეიკრიბება, თუმცა, მანამდე ქართველთა სერბი მწვრთნელის განკარგულებში საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი შეუდგება ვარჯიშს, რომელთაგან მინიმუმ სამი, კახა ჭინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია, იმ 7 (თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, მათე ხატიაშვილი) ლეგიონერს შეუერთდება, რომლებიც გუნდს ფიბა-ს ოფიციალური სანაკრებო ფანჯრის შემდეგ შეუერთდებიან გუნდს.
სწორედ 17 თებერვლიდან, ნაკრები შეკრებაზე „ქორთიარდ მერიოტში" დაბანაკდება და „თბილისი არენაზე" ივარჯიშებს. ამ მომენტისთვის, ჩვენი ვარაუდით დასახელებულ 10 კალათბურთელს კიდევ ოთხი დაემატება. ამ მომენტისთვის კი, ჯიკიჩის გაფართოებულ შემადგელობაში გამოძახებულთა შორის არიან: კახა ჯინჭარაძე, ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე, მათე ყავლაშვილი, სანდო სანაძე, დავით კაკუშაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი სულაბერიძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, ივანე მეგენეიშვილი, გეგი ბაქრაძე და ლეგიონერები - თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, მათე ხატიაშვილი.
ბოლოს, გეტყვით, რომ ჩვენს ჯგუფში მყოფი ფინეთის ნაკრები მასპინძლის სტატუსში ასეც და ისეც, ფიბა-ს ევრობასკეტი 2025-ზე მონაწილეობას მიიღებს. თუკი, ჩვენებს ჯგუფის ბოლო შეხვედრა სერბეთში აქვთ, ფინელები დანიის ნაკრებს ეთამაშებიან. შესაბამისად, თუკი, ჩვენ 21 თებერვალს არ მოვიგებთ, უმოტივაციო ფინეთი, დიდი ალბათობით, ბოლო შეხვედრაში თავს არ გაიგიჟებს. ამიტომ, თუ წავაგებთ 21-ში, 24 თებერვალს, სერბეთში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ჩვენ დანია-ფინეთი გადაგვიწყვეტს, გავდივართ ევრობასკეტზე თუ არა.
აქვე გეტყვით, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია - იხილეთ ბმული.