
დუდა სანაძე
დუდა სანაძის საუკეთესო მატჩი საბერძნეთში და პირველი გამარჯვება "ესპეროსის" შემადგენლობაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი საბერძნეთის რანგით მეორე - ელიტ ლიგად წოდებულ დივიზიონში გამოდის, სადაც თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. სანაძემ "ესპეროსის" შემადგენლობაში მე-5 მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მე-20 ტურის მატჩში ესპეროსმა "ფსიხიკოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 97-96 მოუგო. ესპეროსელებმა გამარჯვების მოპოვება ოვერტაიმში, დუდას სამქულიანით მოახერხეს, რომელიც ქართველმა უკანახაზელმა დამატებითი დროის ბოლო წამზე ჩააგდო. სანაძე სასტარტოში იყო და მოედანზე 44 წუთი გაატარა. ანუ მან მხოლოდ 1 წუთი დაისვენა. ამდენივე ითამაშა გუნდის მეორე ლეგიონერმა, ამერიკელმა რაიან ალენმა, რომელმაც ქართველ უკანახაზელთან ერთად მატჩის უმაღლესი შედეგი დააფიქსირა.
დუდამ 10-დან 5 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. 44 წუთში მას დაკარგვა არ ჰქონია. რაიან ალენის ანგარიშზე 30 ქულა დაგროვდა, თუმცა ამერიკელსაც და ქართველსაც სარგებლიანობის თანაბარი კოეფიციენტი - 24 ჰქონდათ.
სანაძე ესპეროსში ჩატარებულ 5 მატჩში საშუალოდ 17 ქულაზე მეტს აგროვებს, რითაც გუნდის უპირობო ლიდერია. ესპეროსი 16-გუნდიან ელიტ ლიგაში 20 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა. სანაძის გუნდს 6 მოგება და 14 მარცხი აქვს. შემდეგ ტურში, 8 თებერვალს, ესპეროსი ბოლო ადგილზე მყოფ "ნიარ ისტს" უმასპინძლებს.
რატი ანდრონიკაშვილი
ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში რატი ანდრონიკაშვილის მონბუს ობრადოირომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც წილი ქართველ უკანახაზელსაც აქვს. მონბუსმა რეალ ვალიადოლიდს უმასპინძლა და 91-79 დაამარცხა, რაც მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება იყო ანდრონიკაშვილის გუნდისთვის.
ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე 19 წუთით გამოჩნდა. რატიმ 3-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო. მის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა, რასაც მან 1 ჩაჭრაც მოაყოლა. მონბუსს ვლადიმირ ბროძიანსკიმ 19 ქულით ულიდერა, ამდენივე ქულა ჰქონდა ამერიკელ ჯეიმს დევიდსონს.
10 მოგებითა და 8 მარცხით მონბუს ობრადოირო მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 7 თებერვალს, ანდრონიკაშვილის გუნდი სტუმრად კანტაბრიას დაუპირისპირდება.