
ქართულმა გუნდმა ტალინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ორი მედლით დაასრულა ასპარეზობა - სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ბრინჯაოს, ხოლო ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედლები მოიგეს. სულ ცოტა დააკლდა მედლამდე მამაკაც ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძეს, რომელმაც საბოლოოდ მცირე ვერცხლი მოიგო და ასპარეზობა მეოთხე ადგილით დაასრულა. ათეულში მოხვდა, ჩვენი სპორტული ცეკვების წყვილიც დიანა დევისი და გლებ სმოლნიკი. ასე ვთქვათ, სპორტის ამ სახეობაში ახლად წამოწეული ქვეყნისთვის, ფიგურული ციგურაობის ოთხივე კატეგორიაში ათეულში გყავდეს სპორტსმენი საკმაოდ კარგი შედეგია, თუმცა, ქართველები ხომ ამბიციური ხალხი ვართ და შესაბამისად, უფრო მეტიც გვინდა. მითუმეტეს, რომ ჩვენებმა პეკინის ოლიმპიადის შემდეგ, ზღვრული საკმაოდ ასწიეს.
ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა. თავიდან ყინულზე სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე წყვილი გამოვიდა, რომლებიც პირველი პროგრამის შემდეგ მე-10 ადგილზე იყვნენ. თავისუფალ პროგრამაში, Kashmir, The Rain Song, Black Dog-ის მიხედვით შექმნილ კომპოზიციაზე (StaLi+RoLi, OFT, SyTw, ChSl, DSp, CuLi, DiSt, ChLi, ChSt) დიანა დევისმა და გლებ სმოლნიკმა საკმაოდ მაღალ ტემპში და კარგი ხარისხით შეასრულეს პროგრამა და მათ წინ გამოსულ 10 წყვილში საუკეთესო შედეგი აჩვენეს - 116.33 (66.99/ 49.34) ქულა. ორი პროგრამის ჯამში კი, 190.15 ქულით ლიდერებიც გახდნენ. დიანამ და გლებმა კიდევ ორ წყვილს გადაუსწრეს და საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამში მე-8 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა.
მამაკაცთა კატეგორიაში, მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა ეგაძე მეორე ადგილზე იყო და თბილისში დაბადებულ მოციგურავესაც, რომელიც ბოლოდან მეორე გამოდიოდა, სამეულში მოსახვედრად და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მედლის მოსაგებად თავისუფალი პროგრამა (The Winter, Oppenheimer), რომელშიც სამი ოთხმაგი ბრუნი ჰქონდა შეტანილი მშვიდად უნდა ეციგურავა. თუმცა, ჩვენს მოციგურავეს, მოთელვაზე გამოსვლისას ემჩნეოდა, რომ ღელავდა. ეს მის გამოსვლასაც დაეტყო დაგეგმილი 12 ელემენტიდან (4T, 4S+3T, 4S, 3A+2A+SEQ, 3A, 3F+1Eu+3S, 3Lz, CCoSp, FCSp, StSq, ChSq, CCoSp) ნიკამ მხოლოდ ერთი ოთხმაგი ბრუნი შეასრულა და რაღა დავმალოთ და ზოგადად, ის ცივი გონება დააკლდა, რაც მას კვარცხლბეკზე აიყვანდა. თუმცა, ნიკამ თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ 151.93 (75.98 / 75.95) ქულა აიღო, რის გამოც მე-8 ადგილზე აღმოჩნდა. საბოლოოდ კი, ორი პროგრამის ჯამში და მოკლე პროგრამაში აღებული მეორე ადგილის წყალობით, ორი პროგრამის ჯამში, 243.87 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა.
ჩვენი ფიგურული მოციგურავეები 2024-2025 წლების სეზონის ბოლო შეჯიბრზე, რომელიც აშშ-ში, კერძოდ კი, ბოსტონში გაიმართება მონაწილეობას 25 მარტიდან მიიღებენ.