
დღეს პარიზში IJF-ის 2025 წლის პირველი გრან სლემი დასრულდა. სამწუხაროდ, დასრულდა ისე, რომ ვერც ერთმა ქართველმა ჯუდოკამ ოქროს მედალი ვერ მოიგო. მართალია, საქართველოს სახელით დიდი ხანია აღარ ასპარეზობს, მაგრამ მაინც ვქომაგობდით -81 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილს, რომელიც ფინალში ფრანგული წარმოშობის კანადელ ფრანსუა გოტიე დღაპოსთან დამარცხდა.
სამწუხაროდ, ფინალში დამარცხდა ჩვენი ლუკა მაისურაძე, რომელიც -90კგ წონითი კატეგორიის ფინალის დამატებით დროში სამხრეთ კორეელ კიმთან წააგო და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა ლუკა კარგად მიდიოდა, დაიწყო მეორე წრიდან - მოიგო პირველი დაპირისპირება. მეორეში ჯერ ვაზარი აიღო და შებოჭვით დაასრულა. 1/2 ფინალში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გოკი ტაძიმა დაამარცხა და ფინალში გავიდა. აქ, ალბათ, ერთს დავამატებთ, რაც ტელეეკრანიდან ვარაუდის დონეზე ჩანს და მხოლოდ ლუკას არა, ზოგადად ქართველ სპორტსმენებს ეხებათ - ბოლო მომენტში გვამარცხებს განწყობა. უფრო თუ დავკონკრეტდებით, ფინალური ბრძოლისთვის ფსიქოლოგიური მზადყოფნა. თუ ძლიერია მეტოქე შიში სახელად „ვაი თუ" და თუ პირიქით, მეტოქე შედარებით სუსტია, „უფ, აქეთ გორასა ფეხსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ" განწყობა. მოკლედ, ერთიც და მეორეც საზიანოა და ამას ყველაფერს უნდა მართვა და ლუკასთან მიმართებაში, ამ დეტალზე იმიტომ შევჩერდით, რომ ამ ჯუდოკას, პირადად ჩვენ დიდ იმედებს ვუკავშირებთ და დიდ სიმაღლეებზე ველით. ბუნებრივია, რომ იძულებითი, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ზედიზედ მეორე გრან სლემის ვერცხლიც არაა ცუდი... იმედია, ლუკაც არ გვიწყენს.
თუმცა, თუკი ჩვენს რჩევას სხვებიც გაითვალისწინებენ, ალბათ ყველას თუ წაგვადგება. აღნიშნულ წონით კატეგორიაში კი, დღეს კიდევ ერთი ქართველი ნიკა ხარაზიშვილი მონაწილეობდა, რომელმაც პირველი ორთაბრძოლა წააგო, თუმცა, მომდევნოში ტურნირის მასპინძელთან დამარცხდა.
სხვათა შორის, -81 კგ წონით კატეგორიაში, ზემოთხსენებულ ტატალაშვილს 1/4 ფინალში გადაეკვეთა ზაურ დვალაშვილი, თუმცა დამარცხდა და რეპეშაჟში გადაედო, სადაც მეტოქედ არც მეტი არც ნაკლები მატეას კასე შეხვდა. სამწუხაროდ, 23 წლის ქართველი ზედიზედ მეორე დაპირისპირებაში მასზე ბევრად გამოცდილ მეტოქეს ვერ გაუმკლავდა და ორი იუკოთი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ამავე წონაში, ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, კოტე კაპანაძე, ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.
ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ორ რუსს, ზედიზედ დაუპირისპირდა -100 კგ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ზაალიშვილი. ქართველა პირველთან გაიმარჯვა. მომდევნო შეხვედრაში კი სამწუხაროდ, მარცხი განიცადა.
ორი წარმომადგენელი გვყავდა +100 კგ წონით კატეგორიაშიც. კარგად გაიარა ბადე საბა ინანეიშვილმა, თუმცა, 1/2 ფინალში სამხრეთ კორეელ ლისთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბროლაში გადაერთო, სადაც იაპონელ იუტა ნაკამურასთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
რეპეშაჟიდან, ამავე წონაში მედლის მოგების შანსი მიეცა ირაკლი დემეტრაშვილსაც, თუმცა, ამისთვის ქართველს ე.წ. რეპეშაჟის 1/2 ფინალში ფინელი უნდა დაემარცხებინა. თუმცა, როგორც ჩანს, ფინელმა „ქართულის გაკვეთილი" (ბადიდან გასასვლელად ის საბას ეჭიდავა), მოკლე შესვენებაზე კარგად გაიზარდა და ჩვენებური დაამარცხა.
დღესვე, +78 კგ წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა სოფო სომხიშვილსაც, თუმცა, ქართველი მძიმეწონოსანი ჯუდოკა ქალი ტურნირს ვირუსის გამო ჩაეხსნა.
და ბოლოს, დღეს, ფინალური ბლოკის დაწყების წინ 2024 წლის რვა მნიშვნელოვანი მოვლენა გამოავლინეს და საუკეთესოები დააჯილდოვეს. წინა წლებისგან განსხვავებით, ქართველები მხოლოდ ერთ ნომინაციაში აღმოვჩნდით. საუკეთესო მამაკაცი ჯუდოკას ნომინაციაში ლაშა ბექაური იყო წარდგენილი. თითქმის ერთთვიანი ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, რომლის დროსაც ყველა მსურველს, 24 საათში ერთხელ შეეძლო სასურველი კანდიდატებისთვის (აუცილებელი პირობა იყო ყველა ნომინაციაში შეგერჩია თითო) მიგეცა ხმა. ლაშა, საუკეთესო სამეულში მოხვდა, ჩამოიშორა ტედი რინერიც, თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რასაც ლაშას ბოკვერის აჟიოტაჟიც დაემატა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის გვერდში დგომის თემა გადახურა და შესაბამისად, ყველაზე მეტი ხმა, მეზობელი აზერბაიჯანის წარმომადგენელმა ჰიდაით ჰეიდაროვმა დააგროვა, რომელიც საბოლოოდ, 2024 წლის საუკეთესო მამაკაც ჯუდოკად დასახელდა.