ანასტასია გუბანოვა ევროპის ვიცე-ჩემპიონია - წინ კი, მსოფლიო ჩემპიონატია!
ანასტასია გუბანოვა ევროპის ვიცე-ჩემპიონია - წინ კი, მსოფლიო ჩემპიონატია!
01.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მორიგი მედლები ქართული გუნდის ყულაბაში - ანასტასია გუბანოვამ დღეს მცირე ვერცხლი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო ორი პროგრამის ჯამში. ალბათ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას და ეს მოსაზრება, სულაც არ არის სუბიექტური, საკუთარი ქვეყნის სპორტსმენისადმი სიმპათიიდან გამომდინარე, მაგრამ ფიგურული ციგურაობა, სპორტის ის სახეობაა, სადაც მსაჯები, სპორტის ყველა სხვა სახეობისგან განსხვავებით სუბიექტურად და პირადი სიმპათიის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იყო. ის რაც გაუტარეს სხვა სპორტსმენებს, თუნდაც, ევროპის ახლადგამომცხვარ ჩემპიონს, არ აპატიეს საქართველოს დროშის ქვეშ მებრძოლს ანასტასია გუბანოვას.


შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ლიდერი ჩვენი ანასტასია გუბანოვა იყო, რომელიც 0.44 ქულით უსწრებდა ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ესტონეთის წარმომადგენელს ნინა პეტროკინას. თავისუფალ პროგრამაში გუბანოვა ყველაზე ბოლოს ასპარეზობდა, პეტროკინა მის წინ. შესაბამისად, მსაჯების მარტივად შეეძლოთ ლავირება და მასპინძლის „გაქაჩვა". ბუნებრივია, ეს კარგად იცოდა ანასტასია გუბანოვამაც და ყველანაირად შეეცადა პროგრამა ცივი გონებით ეციგურავა.




„რა თქმა უნდა დღეს ძალიან რთული იყო ასპარეზობა. მე ცოტა სტრესში ვიყავი და ზედმეტად ვნერვიულობდი. მიუხედავად ამისა, მოვახერხე თავი ამეყვანა ხელში და ღირსეულად მეასპარეზა. სეზონის მანძილზე მქონდა აღმასვლები და წარუმატებლობები და ამგვარად, მნიშნელოვანი იყო ჩემთვის ფოკუსირება და დღეს გამოჩნდა, რომ ყველაფერზე ვიმუშავე. ყველა შეჯიბრი სპორტსმენისთვის დიდი გამოცდილებაა. არაა ადვილი თვის საუკეთესოდ წარმოაჩინო და როდესაც გავდივართ ყინულზე და საუკეთესოდ წარმოაჩენ თავს, მართლა ძალიან მაგარია", - იტყვის ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.


მიუხედავად იმისა, რომ ანასტასიამ თავისუფალ პროგრამაში ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილი პროგრამა (3F+3T, 3Lo, 3Lz, 3S, FCSp, ChSq, 3Lz+2A+2T+SEQ, 3F+2T, 2A, StSq, CCoSp, SSp), შეასრულა, მსაჯებმა ორ ელემენტში ხარვეზი დაუფიქსირეს და ამისთვის საკმაოდ დასაჯეს... საბოლოო, 129.62 (64.69 /64.93) დაუწერეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ესტონელს ამოესუნთქა. ორი პროგრამის ჯამში, გუბანოვამ 198.61 ქულა  რაც თითქმის 10 ქულით ნაკლები აღმოჩნდა პირველ ადგილზე გასული სპორტსმენის შედეგიდან. თუმცა, წინ მსოფლიო ჩემპიონატია და იქ, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი შეეცდება დაამტკიცოს, რომ ტალინში, მას უსამართლოდ მოექცნენ.


დილა კი ტალინში რიტმულ ცეკვებში შეჯიბრით გაიხსნა, სადაც ჩვენი გუნდის წევრები სპორტულ  ცეკვებში  დიანა დევისი და  გლებ  სმოლკინი მონაწილეობდნენ. ფიგურული ციგურაობის გულშემატკივარს მოგეხსენებთ, რომ დიანა, ქართველი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის შვილია, შესაბამისად, ისევე როგორც ეთერის მოსწავლეებისგან, ფიგურული ციგურაობის ქომაგები, მისგანაც უზადოს ასპარეზობას ელიან. ჩვენი წყვილი 30 მონაწილეს შორის ყინულზე მე-19 ნომრად გამოვიდნენ და საბოლოოდ მე-10 ადგილზე გასვლა მოახერხეს 73.82 (41.32 /32.50) ქულით.   




ხვალ ტალინში მედლების ბოლო ორი კომპლექტი გათამაშდება. თავდაპირველად, სპორტული ცეკვებში, თავისუფალ პროგრამაში დიანა და გლები იასპარეზებენ. შემდეგ კი, მამაკაცთა შორის ნიკა ეგაძე შეეცდება საპრიზო სამეულში ადგილის გამყარებას. შეგახსენებთ, რომ ქართველი, მოკლე პროგრამის შემდეგ, მეორე ადგილზეა.



ფოტო: © ISU