საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2025 წელი მოგებით დაიწყო
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2025 წელი მოგებით დაიწყო
31.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდში მესამე ტურის შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრები 6-1 დაამარცხა და ახლა, სამი ტურის შემდეგ 6 ქულით, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არის საფრანგეთის ნაკრების შემდეგ, რომელიც ქულების მაქსიმუმით ლიდერობს. დღეს საქართველოს ნაკრების თამაშის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებმა გასვლაზე 0-5 დაამარცხა კოსოვოს ნაკრები.


„ამ მოგებით ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. კარგია, შემდეგი თამაშისთვის კარგი მოტივაცია მივიღეთ. 6 ქულა გვაქვს. რამდენიმე დღეში ბულგარეთს გასვლით შეხვედრაში დავუპირისპირდებით. ასე რომ საჭიროა სწორი ანალიზი, რადგან იყო რაღაც შეცდომები, რაც მეორე თამაშში აუცილებლად უნდა გამოსწორდეს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


რაც შეეხება საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების დაპირისპირებას, რომელიც საქართველოს ნაკრების აშკარა უპირატესობით წარიმართა, ანგარიში შესაძლოა უფრო დიდიც ყოფილიყო, თუმცა, ჩვენს მეტოქეს დღეს, მეკარეზე მეტად ხარიხა იცავდა. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ყვითლების გამო დღევანდელ შეხვედრაში გამოცდილი შოთა თოფურია აკლდა, თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: თორნიკე ბუკია, გიორგი ჩიმაკაძე, გოირგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა.


გოლების ათვლა კი, ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა 5'27'' ვახტანგ ჯვარაშვილის გოლით დაიწყო. ამ გოლს 10'00'' წუთზე გიორგი ჩიმაკაძის, 13'04'' ჯვარაშვილის დუბლი და 14'53'' ნიკოლოზ გაბრიჩიძის გოლები მოჰყვა. ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი 4-0 მოიგო.


„საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, ბევრი გოლი გავიდა, ერთმანეთზე ლამაზი. ვისურვებდი, მომავალ თამაშებში კიდევ უფრო ბევრი ხალხი მოვიდეს. დაინტერესდეს ამ სპორტით. საკმაოდ სანახაობრივია", - ამბობს ვახტანგ ჯვარაშვილი, დღევანდელ მატჩში დუბლის ავტორი.


ასათიანის გუნდმა მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანა  38'40''და 39'03'' წუთებზე ჯერ, ნიკა ხარატიშვილმა, შემდეგ კი, ჩვენი გუნდის მეკარემ ბექა ტყემალაძემ მარტივად მოახერხა საკუთარი კარიდან, მეკარის გარეშე მყოფი ბულგარეთის კარში გოლის გატანა. სხვათა შორის, ნიკასთვის და ბექასთვის ეს სადებიუტო გოლები იყო ეროვნული ნაკრების მაისურით.


„ყოველთვის ძალიან ემოციურია ნაკრებში თამაში. ნაკრების მაისურით გოლის გატანა უდიდესი გრძნობაა, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ გოლის გატანა მოვახერხე. თუმცა, ახლა მომდევნო თამაშისთვის კონცენტრაცია უნდა მოვახერხოთ. ბულგარეთში, აუცილებლად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთის", - ამბობს ბექა ტყემალაძე, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე.


მეინ-რაუნდის მეოთხე ტურის შეხვედრა ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, პლოვდივში, 4 თებერვალს გაიმართება.