
შესაძლოა ბევრი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ უეფა-ს ევროტურნირების ახალმა ფორმატმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალა და წაშალა ის ზღვარი, რომელიც ასე ვთქვათ, ტრადიციულად ტოპ გუნდებსა და სხვა დანარჩენებს შორის იყო... მაგალითად, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში „ბაიერნი" და „რეალი" ფლეი-ოფში მოხვდნენ, „იუვენტუსი" კი ფლეი-ოფის განუთესავ გუნდებს შორის.
თუმცა, ჩვენ ჩვენი გვაინტერესებს და ეს მიმდინარე გათამაშებაში „პარი სენ-ჟერმენი" და მისი ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას სწორედ, ფლეი-ოფის ფაზიდან შეუერთდება. რაღა მოგატყუოთ და ე.წ. რეგულარული ეტაპის დასრულების შემდეგ, პირადად ჩვენ სისტემატურად ვამოწმებთ უეფა-ს ვებ-გვერდზე პსჟ-ს შემადგენლობას და ველით, როდის აისახება ქართველის გვარი გუნდის შემადგენლობაში (გვარი უნდა აისახოს ბმულზე, რომელიც განახლებადია).
ამასობაში, ფრანგულმა ლიგა 1-მა დროებით ჩემპიონთა ლიგაზე გადმოინაცვლა და 11-12 და 18-19 თებერვალს ფრანგული გუნდების ევროტურნირის დუელი ჩაინიშნა. პსჟ, ჯერ გასვლაზე, შემდეგ სახლში „ბრესტს" დაუპირისპირდება. ჩვენ უკვე გაუწყებდით, რომ ახალი ფორმატის გათამაშების ამ ეტაპზე, უკვე ნებადართული იყო, ერთმანეთს ერთი ქვეყნის და ასევე, ის გუნდები დაპირისპირებოდნენ, რომლებმაც, მაგალითად, ითამაშეს პირველ, რეგულარულ ეტაპზე. აქვე გეტყვით, რომ 1/8 ფინალში „ბრესტი"-პსჟ-ს წყვილში გამარჯვებული „ლივერპულს" ან „ბარსელონას" დაუპირისპირდება.
მაშ, ასე ფლეი-ოფიდან 1/8 ფინალში გასასვლელად გუნდები ასე დაწყვილდნენ:
„ბრესტი" - პსჟ
„მანჩესტერ სიტი" - მადრიდის „რეალი"
„ბრიუგე" - „ატალანტა"
„იუვენტუსი" - პსვ
„მონაკო" - „ბენფიკა"
„სპორტინგი" - „დორტმუნდი"
„სელტიკი" - „ბაიერნი"
„ფეიენოორდი" - „მილანი"
დღესვე, კიდევ ერთი ფრანგული კლუბის, „ლიონის" პოტენციური მეტოქეების წყვილები გაირკვა. უეფა-ს ევროპა ლიგის 1/8 ფინალში გიორგი მიქაუტაძის „ლიონს", ორიდან - „სენტ ჟილოსი"/„აიაქსი" ან "პაოკი"/„სტიაუა" შორის წყვილებიდან, ერთი-ერთი გამარჯვებული გუნდი შეხვდება.
ჩვენ კი, თუკი, ჟორჟის არც თუ შორეულ წარსულს გავიხსენებთ, ალბათ, უფრო საინტერესო ხდება „ლიონისა" და „აიაქსის" დაპირისპირება, რადგან სუბიექტურად ჩვენი აზრით, ქართველს ნიდერლანდურ კლუბში არც თუ სამართლიანად მოექცნენ და ჟორჟის საშუალება ექნება, რომ აიაქსელებს შეცდომა საქმით დაანახოს.
ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩები 13 თებერვალს ჩატარდება, ხოლო განმეორებითი 20 თებერვალს.