ჟორჟის „ლიონი“ ევროპა ლიგის მერვედფინალშია
ჟორჟის „ლიონი“ ევროპა ლიგის მერვედფინალშია
31.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გიორგი მიქაუტაძე და მისი „ლიონი" აგრძელებენ ასპარეზობას. ლაშა ოდიშარიას RFS კი, ასპარეზობას გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.


გიორგი მიქაუტაძეს, ალბათ, თანაგუნდელები რომ უფრო სწყალობდნენ, ქართველი უფრო შედეგიანიც იქნებოდა და მასთან ერთად „ლიონიც". თუმცა, ჟორჟისგან განსხვავებით, რომელსაც უბრალოდ სიამოვნებს გუნდური თამაში და არც ბურთი ენანება გასაცემად,  ხელსაყრელ პოზიციაში მყოფსაც კი, არ ამარაგებენ ბურთით. მიუხედავად ამისა, ფრანგული კლუბის გატანილი ერთადერთი გოლი სწორედ, მიქაუტაძის გუნდურ სულისკვეთებას და საგოლე გადაცემას მოჰყვა. შეხვედრა კი, ბულგარულ „ლუდოგორეცთან" ფრედ 1-1 დასრულდა. გათამაშების ამ ფაზაში, გიორგი მიქაუტაძემ 7 შეხვედრა ჩაატარა 2 გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა მიითვალა. მისმა „ლიონმა" კი, 8 შეხვედრიდან 15 ქულა დააგროვა და 1/8 ფინალში ასპარეზობის უფლება პირდაპირი წესით გაინაღდა.


მომდევნო ეტაპზე, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე ჟორჟის გუნდის სავარაუდო მეტოქე შესაძლოა „აიაქსი" იყო... ასე, რომ თუკი ნიდერლანდელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხეს და წილისყრამ ასე გადაანაწილა, ჟორჟის კარგი შესაძლებლობა ექნება მეტოქეს ძველი „ვალები" გაისტუმროს.


დღესვე, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ლაშა ოდიშარიას RFS ასპარეზობას გამოეთიშა. ქართველის გუნდი, ნეიტრალურ მოედანზე კიევის „დინამოსთან" 1-0 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა კიეველთა კარის მიმართულებითაც რამდენჯერმე დაარტყა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელებმა თამაშის საშუალება ლუკა სილაგაძესაც მისცეს. ქართველი მოედანზე 85-ე წუთზე შემოვიდა.


აქვე გთავაზობთ, უეფა-ს ევროპა ლიგის დარჩენილი ეტაპების კალენდარს:


ფლეი-ოფის მატჩები: 13 და 20 თებერვალი, 2025

1/8 ფინალი: 6 და 13 მარტი 2025

1/4 ფინალი: 10 და 17 აპრილი 2025

1/2 ფინალი: 1 და 8 მაისი 2025

ფინალი: 21 მაისი 2025