
დღეს ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, მედლების გათამაშდა სპორტულ წყვილებში. ქართული გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, ყველასათვის მოულოდნელად, პირველი საასპარეზო დღის შემდეგ მე-9 ადგილზე აღმოჩნდნენ. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილის ჩამორჩენა პირველი დღის შემდეგ, ლიდერებთან 14.56, მეორე ადგილზე მყოფ წყვილთან 11.09, ხოლო მესამე ადგილთან 8.85 , მე-8 ადგილზე მყოფ წყვილთან კი, 0.1 მეასედით აგებდნენ. ზოგადად ქართული წყვილისთვის, რომელიც საკმაოდ წარმატებულია, მე-9 ადგილი საკმაოდ უჩვეულო იყო.
თუმცა, თავისუფალ პროგრამაში მათი ასპარეზობის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ, 8 მონაწილე იყო დარჩენილი გამოსასვლელი, ყველაფერი თავის ადგილას დადგა. თუკი, მოკლე პროგრამაში მეტელკინა-ბერულავას წყვილი ყინულზე ნერვიულობდა, დღეს ამ ახალგაზრდა სპორტსმენებს აშკარად ცივსისხლიანობა და სრული მობილიზება ეწერა სახეზე. A Necessary End-ის მოტივებზე აწყობილი 11 ელემენტისგან (3Tw, 3S+2A+2A+SEQ, 3T, 3FTh, 5ALi, 3LoTh, FiDs, PCoSp,5RLi, 4Li, ChSq) შემდგარი პროგრამა ჩვენებმა, თითქმის უნაკლოდ შეასრულეს. მეორე ელემენტის დასრულებისას ქართულ წყვილს ოდნავ დაერღვა სინქრონი და როგორც ჩანს ეს, თავად სპორტსმენებმაც კარგად შეამჩნიეს, რადგან უკვე მომდევნო ელემენტის შესრულებისას ის განწყობა გადმოჰყვათ და მესამე ელემენტში დაშვებული ხარვეზი, უკვე მსაჯებმაც დააფიქსირეს. რეალურად ეს იყო, ის მცირედი ხარვეზი, რომელიც მთლიანობაში ქართული წყვილის გამოსვლა ვერ გააუფერულა. იმიტომ არა, რომ ჩვენები არიან და ანასტასიასა და ლუკას განსაკუთრებით ვქომაგობდით, ალბათ, რომ არა მოკლე პროგრამის შემდეგ ჩამორჩენა, დღეს შესაძლოა მეტელკინა-ბერულავა უფრო მაღალ საფეხურზე მდგარიყვნენ.
დღეს კი, ქართული წყვილის ტექნიკური შეფასება თავისუფალ პროგრამაში მოასპარეზე 16 წყვილს შორის ყველაზე მაღალი იყო - 71.34 ქულა. რაც შეეხება კომპონენტების შეფასებას, იქ 63.51 ქულა დააფიქსირეს. ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ალბათ, მოკლე პროგრამაში ქართული წყვილი უფრო მაღალ საფეხურზე რომ ყოფილიყო, დღეს თავისუფალ პროგრამაში უფრო მაღალ ქულებსაც დაიმსახურებდნენ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს თვისობრივი მოვლენა, ფიგურულ ციგურაობაში პირადად ჩვენთვის ამოუცნობი ფენომენია. ასეა თუ ისე, ქართულმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 134.85 ქულა დააგროვა, აღნიშნულ პროგრამაში მცირე ბრინჯაოს მედალი აიღო და ორი პროგრამის ჯამში 191.88 ქულით საბოლოოდაც მესამე ადგილი აიღო. შესაბამისად, მეტელკინასა და ბერულავას წყვილმა, მედლებისკენ გზად, 6 მონაწილე ჩამოიშორა.
„ჩვენთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს თავს გადავაბიჯეთ და ვაჩვენეთ ჩვენი რეალური შესაძლებლობები. ჩვენთვის მოულოდნელი იყო პოდიუმზე მოხვედრა, მაგრამ გასულ ღამეს ბევრი ვიფიქრე იმის შესახებ, რომ იქნებ, მესამე ადგილზე მოგვეხერხებინა გასვლა," - ამბობს ლუკა ბერულავა ISU-სთან გაკეთებულ კომენტარში.
აქვე გეტყვით, რომ ანასტასიასა და ბერულავას საუკეთესო შედეგი მოკლე პროგრამაში, 72.26 ქულას, თავისუფალ პროგრამაში 142.77 ქულაა. ასე, რომ ჩვენებს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ და ამის დამტკიცება წელსვე, მსოფლიო ჩემპიონატზე შეეძლებათ.
დღესვე მცირე ვერცხლის მედალი მოიგო მამაკაცებს შორის მოკლე პროგრამაში ნიკა ეგაძემ. 22 წლის ქართველი მხოლოდ, 1.18 ქულით ჩამორჩა ევროპის მოქმედ ჩემპიონს საფრანგეთის წარმომადგენელს ადამ შიაო ჰიმ ფას. ქართველმა სპორტსმენმა პროგრამა, თუ არ ჩავთვლით მცირე ხარვეზს, მე-5 ელემენტის (4S+3T, 4T, FCSp, 3A, CCSp, StSq, CCoSp) შესრულებისას რის გამოც, მას 0.06 ქულა დააკლდა, სუფთად შეასრულა და დამსახურებულად მიიღო 91.94 (53.17 /38.77) ქულა. ახლა, ეთერ თუთბერიძის შეგირდს, დამშვიდება და თავისუფალი პროგრამისთვის ცივ გონებაზე ასპარეზობა სჭირდება, რათა ქართული გუნდი ყულაბაში მორიგი მედალი ჩადოს. აქვე გეტყვით, რომ მამაკაცებს შორის მოკლე პროგრამაში სტარტი 34-მა მონაწილემ აიღო, თავისუფალ პროგრამაში კი, მედლებისთვის ბრძოლას 24 აგრძელებს.
„ვცდილობ, შევინარჩუნო სიმშვიდე და ყველა მოძრაობა გავაკონტროლო. ვფიქრობ, ეს სულ უფრო კარგად გამომდის. ბედნიერი ვარ ამით და გავაგრძელებ მუშაობას, რათა გავაუმჯობესო მაჩვენებელი კომპონენტებში, რომელიც ტექნიკურთან შედარებით, ბევრად დაბალია. ალბათ, დღეს უნდა დავისვენო და ხვალ, არ ვიფიქრო ფიგურულ ციგურაობაზე. სხვა რაიმეთი დავკავდე, რადგან როდესაც ყოველთვის კონცენტრირებული ხარ შენს ასპარეზობაზე, უფრო მეტს ნერვიულობ. ახლა უნდა დავმშვიდდე და დავისვენო", - ამბობს ნიკა ეგაძე დღევანდელი დღის დასრულების შემდეგ ISU-სთვის გაკეთებულ კომენტარში.
და ბოლოს, ნიკა ეგაძემდე, მედლის და თანაც, ოქროს მოგების კარგი შანსი ანასტასია გუბანოვას ქალთა ერთეულთა თანრიგში. თავისუფალი პროგრამით გუბანოვა ტალინის ყინულის არენაზე ხვალ, თბილისის დროით დაახლოებით 23 საათიდან იასპარეზებს. მანამდე კი, პირველ სახეობაში, სპორტულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი შეეცდებიან ქართული გუნდის დაწყებული ესტაფეტა გააგრძელონ.