სამი მიღმა, ერთი იწყებს...
სამი მიღმა, ერთი იწყებს...
30.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

31 იანვარს ნიონში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლაეი-ოფის წილისყრა გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, 8 კლუბი, გათამაშების მომდევნო ეტაპზე პირდაპირი წესით გავიდა და ვიდრე 1/8 ფინალური ეტაპი დაიწყება, მათ ოდნავ ამოსუნთქვისა და მომავალ მეტოქეებზე დაკვირვების საშუალება მიეცემათ. ამასობაში, დღევანდელი დღის შემდეგ გამოვლენილი 16 კლუბი კიდევ რვა გუნდს გამოავლენს, ე.წ. ფლეი-ოფის პრინციპით. ამ 16 გუნდს შორის მოხვდა პსჟ-ც, რომელსაც უკვე ამ ფაზიდან, უეფა-ში ახალწვეულების განაცხადის და შესაბამისად თამაშის უფლებაც აქვს.


ამრიგად, იმისდა მიუხედავად, რომ დღევანდელი დღის შემდეგ, საბოლოოდ, გაირკვა ქართველთა კლუბები ირაკლი აზაროვის „შახტარი", ოთარ კიტეიშვილის „შტურმი" და გურამ კაშიას „სლოვანი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ, პსჟ-ში გადაბარგებული ქართველის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „საქმეში" რჩება. ახლა, მთავარია ვინ შეხვდება პარიზულ გუნდს, რომელიც ფლეი-ოფის ზონაში მოხვედრილ 16 კლუბს შორის განთესილ გუნდთა რიცხვშია. განუთესავი გუნდების ჩამონათვალში კი, ფრანგული კლუბები „მონაკო" და „ბრესტი", ნიდერლანდური „ფეიენოორდი", იტალიური „იუვენტუსი", შოტლანდიური „სელტიკი", პორტუგალური „სპორტინგი", ბელგიური „ბრიუგე" და მიმდინარე გათამაშებიდან, პარიზელთათვის კარგად ნაცნობი „მანჩესტერ სითია".


ტურნირის ფორმატის მიხედვით, გათამაშების ამ ეტაპზე დაშვებული არის  „პარი სენ-ჟერმენს" მოწინააღმდეგე, ფრანგული კლუბები, ან სულაც „მანჩესტერ სითი" შეხვდეროდა, რომელსაც უკვე ჩავლილ ფაზაზე დაუპირისპირდა ფრანგული გუნდი პარიზში და 4-2 დაამარცხა. თუმცა, მანჩესტერელებს დიდი ალბათობით, ან მადრიდის „რეალი" ან „ბაიერნი" დაეჯახებათ.


ტურნირის დებულების მიხედვით, გაწერილია წილისყრის პროცედურაც, რომლის დროსაც თავდაპირველად განუთესავ გუნდს დაასახელებენ და შემდეგ მის მეტოქეს. აქ არის კიდევ ერთი დეტალი - მაგალითად, საერთო ცხრილში, მე-9 და მე-10 გასული გუნდები 23-ე ან 24-ე ადგილზე გასულ გუნდებს შეხვდებიან. ამ გათვლით, ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ მეტოქეებად ან „მონაკო", ან „ბრესტი" იქნებიან. ასე, რომ აქ, ფრანგულ ლიგა 1-ში ვიტრიალებთ.


ფლეი-ოფში გამარჯვებულები ორ-რაუნდიან სახლი-გასვლა, მატჩებში გამოვლინდებიან, თამაშები კი, როგორც უეფა-ს ვებ-გვერდზეა ნაჩვენები 11-12 და 18-19 თებერვალს გაიმართება.


თუმცა, ვიდრე წილისყრა ჩატარდება და კვარას მეტოქის ვინაობას გავიგებთ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ქართველთა გუნდების ბოლო თამაშებზეც ორიოდე სიტყვით.


გურამ კაშიას „სლოვანმა" ბოლო შეხვედრა მიუნჰენში გამართა „ბაიერნის" წინააღმდეგ და 3-1 დამარცხდა. ქართველმა სრული შეხვედრა ითამაშა, „სლოვანმა" კი, გათამაშება 0 ქულით და 35-ე ადგილით დაასრულა.


ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა წააგო ირაკლი აზაროვის „შახტარმაც". დონეცკელები დორტმუნდში, „ბორუსიასთან" დამარცხდნენ 3-1. ჩვენებურმა მოედანზე 77 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი, საბოლოოდ, 7 ქულით, 27 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.


6 ქულით და 30-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმა". ქართველმა შეუცვლელად ითამაშა მატჩში, რომელშიც, საკუთარ კედლებში „შტურმმა" „ლაიფციგი" მიიღო და 1-0 გაიმარჯვა.


საბოლოო სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე


და ბოლოს იმ სათამაშო დღეების განრიგი, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაშია დარჩენილი:


1/8 ფინალში გადასასვლელი ფლეი-ოფები  11/12 და 18/19 თებერვალი 2025

1/8 ფინალი: 4/5 და 11/12 მარტი 2025

1/4 ფინალი:  8/9 და 15/16 აპრილი 2025

1/2 ფინალი: 29/30 აპრილი & 6/7 მაისი 2025

ფინალი, მიუნჰენი: 31 მაისი 2025



ფოტო: (C) UEFA