ევროპის ჩემპიონატი გუბანოვას მცირე ოქროთი და სპორტული წყვილისგან მოულოდნელობით დაიწყო
ევროპის ჩემპიონატი გუბანოვას მცირე ოქროთი და სპორტული წყვილისგან მოულოდნელობით დაიწყო
29.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ტალინში, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი დაიწყო ფიგურულ ციგურაობაში. პირველ დღეს, ასპარეზობაში სპორტული წყვილები და ქალები ჩაერთვნენ. საქართველო ორივე კატეგორიაში იყო წარმოდგენილი, თუმცა, დავიწყოთ ქალთა ერთეულთა თანრიგით, სადაც მოკლე პროგრამის შემდეგ, 31 მონაწილეს შორის ქართული გუნდის წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვამ საუკეთესო შედეგი აჩვენა, მსაჯებისგან დაიმსახურა 68.99 ქულა (ტექნიკური ქულა 37.31, კომპონენტები 31.68) და მოკლე პროგრამაში მცირე ოქროს მედალიც მოიგო.


ჩვენო მოციგურავის პროგრამა ABBA-ს ცნობილი სიმღერის Money Money Money-ს რემიქსზე (საკმაოდ საინტერესო ვერსიით) იყო აწყობილი. გუბანოვას კოსტიუმიც მკაცრად კლასიკური და ელეგანტური იყო, რაც რეალურად ნომერს ერთიანობაში კრავდა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე თითები გადავაჯვარედინე, როდესაც გუბანოვა პირველი ელემენტის შესასრულებლად წავიდა, თუმცა, სამმაგი ფლიპისა და სამმაგი ტულუპის კომბინაცია იმდენად მსუბუქად და მარტივად დაყაბულდა, რომ ანასტასიას ამ დღეს, ყველაფერი უნდა გამოსვლოდა. მომდევნო ექვსი ელემენტიც (2A, FCSp Fly, 3Lz, StSq, CCoSp, SSp) უნაკლოდ შეასრულა და ტექნიკური ელემენტების პანელზეც ყველაზე მაღალი ქულა დააფიქსირა. მოგვიანებით, უმაღლესი მაჩვენებლით შეფასდა მისი პროგრამა კომპონენტების ნაწილშიც.



„სამწუხაროდ, რთული სეზონი გამოვიდა და არ მიმართლებდა, მაგრამ ახლა  მიხარია, რომ მოვახერხე მობილიზება და აქ კარგად ვიასპარეზე. მოკლე პროგრამაში ნაჩვენები ეს შედები არის საინტერესო და მშვენიერი. ვფიქრობ, დღეს შემიძლია ღრმად ამოვისუნთქო, ხვალ გემრიელად ვივარჯიშო და თავისუფალი პროგრამას ცივი გონებით მივუდგე და გავაკეთო ყველაფერი ისე, როგორ ელიან ჩემგან", - ამბობს ანასტასია გუბანოვა, დღეს დასრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ ISU-სთვის გაკეთებული კომენტარში.


ევროპის 2023 წლის ჩემპიონი და 2024 წლის ვიცე ჩემპიონი, მოკლე პროგრამის შემდეგ, მხოლოდ, 0,05 მეასედით უსწრებს უახლოეს მდევარს. შესაბამისად, გუბანოვას, რომელსაც ბოლო წლების თავსატეხი ლუნა ჰენდრიკსი, მიმდინარე ჩემპიონატზე გამოაკლდა და რაღა დასამალია, და ჩვენს სპორტსმენს, აშკარად ემჩნეოდა ხოლმე ჰენდრიკსის „ეფექტი", ახლა უფრო ცივ გონებაზე და მშვიდად მოახერხებს თავისუფალი პროგრამისთვის მომზადებას.


დღესვე, როგორც გითხარით, იასპარეზეს სპორტულმა წყვილებმაც. ბევრი ელოდა, რომ ამ დღეს მინიმუმ სამეულში მოხვედრას მოახერხებდა წყვილი საქართველოდან, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. ევროპის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონებმა,  გრან-პრის ბრინჯაოს პრიზიორებმა, როგორც ჩანს მოსალოდნელზე მეტი ინერვიულეს და ეს მათ გამოსვლაზეც აისახა. დიახ, ყველასთვის მოულოდნელად ჩვენებს, მესამე ელემენტი, სამმაგი სალჰოვი ჩაუვარდათ. ქართულ წყვილს არ ჩაუთვალეს მე-6 ელემენტიც - სპირალი... საბოლოოდ, მეტელკინა-ბერულავას წყვილმა Bronski Beat-ის Why-ზე აწყობილ პროგრამაში (3Tw, 3FTh, 3S, 4Li, StSq, BoDs, CCoSp) 57.03 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილით დაასრულა მოკლე პროგრამა... ეს, მართლა მოულოდნელობა იყო ყველასთვის.


ალბათ, ახლა ქართული გუნდისთვის ყველაზე ადექვატური დღევანდელი დაუგეგმავი „სიურპრიზის" დავიწყება და როგორც გუბანოვამ თქვა, ცივ გონებაზე სჭირდება თავისუფალ პროგრამაში გამოსვლა. თავისუფალ პროგრამაში კი, ჩვენები ხვალ, 30 იანვარს შეეცდებიან საპრიზო სამეულში მოხვედრას. ლუკასაც და ანასტასიასაც ამის გაკეთები უნარი აქვთ და იმედი გვაქვს, ძალებსაც იპოვიან. სპორტული წყვილების ასპარეზობა თბილისის დროით, 21:00 საათიდან დაიწყება. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იქნება, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ნიკა ეგაძის შედეგიც.



ფოტო: ISU