
ხვალიდან, 29 იანვრიდან, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიის 250 ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში დაიწყებს ასპარეზობას. ბასილაშვილი, ATP ტურის ძირითად ბადეში 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. პირველ წრეში კი, მისი მეტოქე მიხაილ კუკუშკინი იქნება ყაზახეთიდან.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში, 27 იანვარს, ქართველი ფრანგ ტიტუან დროჟეს შეხვდა. პირველი სეტი ფრანგმა მოიგო, 3-6, მომდევნო ნიკომ, 6-3. მესამე სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ანგარიში 5-4 გახდა გეიმების მიხედვით, ქართველის მეტოქემ ტრავმის გამო მატჩი აღარ გააგრძელა და ბასილაშვილიც მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მომდევნო ეტაპი კი, მონპელიის 250 ქულიანი ტურნირის ძირითადი ბადეა, რომლის პირველი წრის დაძლევის შემთხვევაში, ქართველს, რინდერქნეში - მაიოს მატჩში გამარჯვებული ელის მეტოქედ. საინტერესოა, რომ ბასილაშვილის ბადეში ასპარეზობს ანდრეი რუბლევიც.
შეგახსენებთ, რომ თუკი წლის დასაწყისში ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგის 210 ნომერი იყო, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, ბასილაშვილმა საგრძნობლად წინ წაიწია და უკვე 2025 წლის მეორე ტურნირზე, ის ATP-ის რეიტინგის 178-ე ნომერია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, აღნიშნული რეიტინგის მე-16 ნომერმა ქართველ ჩოგბურთელმა, რომელსაც საერთო ჯამში ხუთი უმაღლესი კატეგორიის ტურნირი აქვს მოგებული, ბოლოს, ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში, 2023 წლის მარტში, ინდიან უელსის 1000-ქულიან მასტერსზე მიიღო მონაწილეობა.