
25 და 27 იანვარს, კალათბურთში, საქართველოს თასის საპასუხო მერვედფინალები გაიმართა. ორ-რაუნდიანი დაპირისპირებაში პირველი ტურის შემდეგ „მარგვეთი", „გურჯაანი", „რუსთავი" „ბათუმი", „რაში" „გრიფინი" და „ივერიონი" ლიდერობდნენ, თუმცა, მეორე ტურში შესაძლო იყო ყველაფერი რადიკალურად შეცვლილიყო და პრინციპში, ასეც მოხდა.
მაგალითად, ძველი მეტოქეების, „რუსთავისა" და „ქუთაისი 2010"-ის დაპირისპირებაში, რუსთაველებმა საშინაო კედლებში 12 ქულით გაიმარჯვეს. ერთის შეხედვით, უპირატესობა საკმაოდ სოლიდური იყო, თუმცა, საპასუხო მატჩში, რომელი უკვე ქუთასის სპორტის სასახლეში ჩატარდა მასპინძლებმა, 108-86 იმარჯვეს, 12 ქულაც ამოიღეს, ზედ კიდევ 10 დაამატეს და საბოლოოდ, ორი შეხვედრის ჯამში, მეორე ეტაპზეც სწორედ ისინი გავიდნენ.
„ქუთაისის" მეტოქე, 1/4 ფინალში კსუ-სა და „ივერიონს" შოროს გამარჯვებული უნდა გამხდარიყო. სათასო მერვედფინალებში ეს ბოლო წყვილი იყო. პირველი ეტაპის შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტელები 13 ქულიან დანაკლისში იყვნენ. თუმცა, წინ საპასუხო მატჩი იყო, რომელიც თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრის დასრულებამდე 48 წამით ადრე კსუ მოწინააღმდეგეს 9 ქულით ამარცხებდა, შესაბამისად სტუდენტებს თუკი, მომდევნო ეტაპზე გასვლა უნდოდათ, თამაში მინიმუმ ოვერ-ტაიმში უნდა გადაეყვანათ. თუმცა, კსუ-მ მოგებული თამაშის მიუხედავად, 96-87 ვერ მოახერხა საჭირო ქულების დაგროვება. შესაბამისად, ქულებში სხვაობის მიხედვით, მომდევნო ეტაპზე „ივერიონი" გავიდა.
ყველაზე მშვიდად, თუკი ასეთი შეფასება შეიძლება მივცეთ, მომდევნო ეტაპზე „მარგვეთი" გავიდა, რომელიც გათამაშების ამ ეტაპზე, „სოხუმი საქართველოს" დაუპირისპირდა და ორი შეხვედრის ჯამში 2-0 გაიმარჯვა. სტუმრად მოგებული პირველი რაუნდის შემდეგ, ზესტაფონელებმა, მეორე რაუნდი სახლში, ზესტაფონის სპორტის სასახლეში მოიგეს, ამჯერად, 105-93 და საქართველოს თასის მოსაგებად აგრძელებენ ასპარეზობას.
1/4 ფინალში, „მარგვეთის" მეტოქე თსუ-„გრიფინის" წყვილში გამარჯვებულს უნდა გამოევლინა. ამ გუნდების პირველი რაუნდის შემდეგ კი, მართალია, მხოლოდ 4 ქულით, მაგრამ წინ, „გრიფინი" იყო. შესაბამისად, ბევრი დაძაბულ მატჩსაც მოელოდა, თუმცა, ოლიმპიურ სასახლეში თსუ-ელებმა საკმაოდ დამაჯერებლად 101-77 მოიგეს და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
ორივე დაპირისპირება მოიგო „გურჯაანმაც". შეგახსენებთ, რომ თბილისის „ვერათან" პირველი რაუნდის შემდეგ, კახელები მთელი 29 ქულიანი უპირატესობით იყვნენ წინ. შესაბამისად, ამ წყვილში, თბილისელებს, მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენდათ. ეს სასწაული კი, დედაქალაქელებისთვის სამომავლოდ გადაიდო, რადგან, საპასუხო დაპირისპირებაში, რომელიც გურჯაანის სპორტკომპლექსში გაიმართა, კახელებმა კვლავ იმარჯვეს, თუმცა, ამჯერად მხოლოდ 27 ქულის სხვაობით, 92-65 და ისე, რომ დიდად არც ენერგია დაუხარჯავთ, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
1/4 ფინალში, „გურჯაანი", „ბათუმს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, საკმაოდ საინტერესო დუელში გაიმარჯვა „ორბთან". გუნდებმა, ორივე თამაშისთვის არენდა ტყიბულის სპორტის სასახლე შეარჩიეს. პირველი რაუნდის შემდეგ, აჭარული გუნდი, 22 ქულით უგებდა მეტოქეს. შესაძლოა, მეორე შეხვედრაში, ცოტა მოდუნებულებიც გამოვიდნენ და 69-79 წააგეს. თუმცა, პირველ მატჩში დაგროვებული ქულების წყალობით, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
კალათბურთი, სხვა სპორტის სახეობებიდან იმით გამოირჩევა, რომ შეხვედრის ბოლოს, როგორც წესი ფრე არ ფიქსირდება. თუმცა, ტურნირის დებულების თანახმად, შესაძლოა მატჩის დასრულების შემდეგ, ტაბლოზე ფრე იყოს დაფიქსირებული. სწორედ, ასეთი შინაარსის ჩანაწერია, საქართველოს საკალათბურთო თასის გათამაშებაში და მიმდინარე ტურნირზეც, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში გამართულ ოფიციალური ტურნირები გვაქვს მხედველობაში, მსგავსი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა (თუ მეხსიერება არ გვღალატობს).
ვსა-სა (ვიქტორ სანიკიძის აკადემია) და „ბურჯის" პირველი 1/8 ფინალური შეხვედრა ფრედ, 76-76 დასრულდა. შესაბამისად, საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი 0-დან იწყებოდა. აქ კი, ვსა-მ საკუთარ კედლებში ბრჭყალები გამოაჩინა და მოწინააღმდეგე უშანსოდ, 103-54 დაამარცხა. შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამშიც მომდევნო ეტაპზე სწორედ, ვსა გავიდა.
1/4 ფინალში აკადემიელები „რაშს" დაუპირისპირდებიან, რომელმაც, „მარგვეთისა" და გურჯაანის" მსგავსად, ორივე შეხვედრა მოუგო „ამრა"-ს და მომდევნო ეტაპზე თამაშს უფლება მოიპოვა. მეორე დაპირისპირებაში „რაშმა" 100-93 გაიმარჯვა, 7 ქულით, ისევე, როგორც პირველ შეხვედრაში.
ამრიგად, 1/4 ფინალური წყვილები არიან:
„ივერიონი" - „ქუთაისი"
„მარგვეთი" - თსუ
„ბათუმი" - „გურჯაანი"
ვსა - „რაში"
საქართველოს თასის დებულების თანახმად, 1/4 ფინალები კვლავ ორ-რაუნდიანი იქნება. აი, აქ გამოვლენილი ოთხი გუნდი კი, საქართველოს თასის მოსაგებად, ერთ-რაუნდიან 1/2 ფინალს და შემდეგ, ფინალს ითამაშებს.
ფოტო: კალათბურთის ფედერაციის არქივიდან