
ვიდრე, ალბათ უფრო ფრანგი და არა პსჟ-ს გულშემატკივარი სოციალურ ქსელში კამათობს ბრედლი ბარკოლა (31 წუთი ითამაშა „რეიმსთან" და 6.1 შეფასება მიიღო) უფრო წონადია ფრანგებისთვის თუ, კლუბის ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია (83 წუთი იმავე „რეიმსთან" სადებიუტო მატჩში, 1 საგოლე გადაცემით და 7.3 შეფასებით, რაც დებიუტის კვალობაზე ნორმალურზე მეტია), ქართულმა ლეგიონმა მორიგი შაბათ-კვირა გადააგორა.
დავიწყოთ ბოლოთი, რომელშიც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" ლა ლიგა 1-ში „ბარსელონას" დაუპირისპირდა და ალბათ, არ ეწყინება „მამარდას" თუ ვიტყვით, რომ განადგურდა 7-1. კატალონიელებმა, რეალურად მატჩის ბედი, საწყის 15 წუთში გადაწყვიტეს, როდესაც 3-0 დაწინაურდნენ, 25-ე წუთისთვის გამარჯვება გაიმყარეს და პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეოთხე დამატებულ წუთზე, წერტილიც დასვეს... როდესაც გუნდი „გაჩერებულია", ასეთ დროს ყველაზე ცოტა მეკარეს უნდა მოეკითხოს. ამიტომ, ყოველ შემთხვევაში ქართველ ქომაგს კალენდარი გვაქვს გადაშლილი და ვითვლით დღეებს, როდის მოუწევს ქართველს გუნდიდან გადაბარგება და ალბათ, ერთადერთი, რატომაც მის დღევანდელ ყოფას ვეგუებით, რომ სათამაშო პრაქტიკა ექნება, კარგი ვარჯიში და გამოცდილება, მაგალითად, „ბარსელონაში" მოთამაშე ესპანეთის ნაკრების წევრების წინააღმდეგ, რომლებსაც დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ქართველი ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ორჯერ დაუპირისპირდება.
ესპანური ამბები რომ მოვრჩეთ, გეტყვით, რომ მიმდინარე უიქ-ენდზე, ლა ლიგა 2-ის ტურის მატჩი, არ უთამაშია გიორგი ქოჩორაშვილს. ქართველს კოჭის ტრავმა აწუხებს, მაგრამ ხავის შემართებას თუ ვენდობით, „ქოჩორა" მოედანს მალე დაუბრუნდება. რაღა დაგიმალოთ, და ჩვენთვის, „მამარდაც" და „ქოჩორაც", მათი მზადყოფნა და მოტივაცია, მარტის თამაშებზე უფრო გვადარდებს.
კვირა კი, ინგლისის ჩემპიონშიფის მატჩით დავიწყოთ, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი" გასვლაზე „ქოვენთრის" დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა. თან ისე, რომ სამივე გოლი მასპინძლების „სინდისზეა". სხვათა შორის, ქოვენთრელების ავტოგოლი სწორედ, ქართველოს აქტიურობას მოჰყვა. რაც შეეხება „ჩაკვეს", ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
ფრანგული უქმეები, ზურკო დავითაშვილის „სენტ ეტიენის" ფრედ 1-1 დასრულებული შეხვედრით დაიწყო, გასვლაზე, „ოსერთან". საერთო ჯამში, ქართველის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა, მათ შორის პირველ ტაიმშიც, როდესაც გოლი გაუშვა, თუმცა, ზურიკოს შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, სენტ-ეტიენელებმა მოახერხეს დამატებაზე წონასწორობის აღდგენა. მეტი გოლი ამ შეხვედრაში აღარ გასულა. ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა.
ზოგადად ფრანგულ ლიგა 1-ში რომელშიც უკვე სამი „მამლუქი" გვყავს, ქართველების გუნდებისთვის ყველაზე „მისაღები" ანგარიში, ჩავლილ ტურში 1-1 აღმოჩნდა. სწორედ, ამ ანგარიშით დაასრულა შეხვედრა გიორგი მიქაუტაძის „ლიონმაც", რომელმაც გასვლაზე, „ნანტის" წინააღმდეგ ითამაშა. „ბომბარდირი" შეცვლაზე შემოვიდა, და ეცადა ეაქტიურა, თუმცა, არ „წაუვიდა". მისმა გუნდმა კი, შეხვედრის ბოლო წუთზე გოლი გაუშვა და მატჩიც, ფრედ დასრულდა.
გერმანულ ბუნდესლიგაში კვლავ ფლეი-აუთის ზონაში რჩება ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი". ქართველის გუნდმა, ამჯერად, WWK არენაზე „აუგსბურგთან" დამარცხდა 2-1. ქართველს, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში ჰქონდა საგოლე მომენტი, თუმცა, ბურთი კარს ასცდა.
სერია A-ში „ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა საბა გოგლიჩიძე. არ არის გამორიცხული, ქართველის სახელი ახალ კვირაში, გააქტიურდეს სატრანსფერო თემასთან დაკავშირებით, თუმცა, მანამდე, მისმა გუნდმა „ბოლონიასთან" საშინაო შეხვედრაში ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.
შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილმაც. ქართველის „სალერნიტანამ" გასვლაზე, კაცნაკლულ „პიზასთან" (მე-14 წუთზე გაუგდეს მოთამაშე) 1-0 წააგო. ქართველის გუნდი 22 ქულით, ფლეი-აუთის ზონაშია...
კვიპროსის ლიგაში, 6-1 მოუგო გიორგი ქვილითაიას „არისმა" „ანჩასს". ქართველმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა, 90-ე წუთზე გოლის გატანა მაინც მოახერხა.
უხვგოლიანი გამოდგა ლაშა დვალის „აპოელის" შეხვედრაც. ქართველის გუნდმა, დიდი ანგარიშით 7-0 დაამარცხა „ომონია არადიპუ", რომელსაც ასევე ჩვენებური გიორგი ლორია იცავდა.
საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-20 ტურში, ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსი", გასვლაზე კრეტას „ოფს" შეხვდა და 3-2 დამარცხდა.
მოკლედ, ასეთი იყო ჩვენი ბიჭების კვირა, რომელიც შესაძლოა რაიმე გამოგეპარათ და რომლშიც ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად მეკარეებს არ გაუმართლათ.