საინტერესო დებიუტი, ცოტა გამოცდის ელემენტებით და პირველი საგოლე გადაცემა
საინტერესო დებიუტი, ცოტა გამოცდის ელემენტებით და პირველი საგოლე გადაცემა
26.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ბარემ კარშიც დაგეყენებინათ..." - იმედია პარიზელები ქართულ იუმორს ალღოს მალე აუღებენ. თუმცა, სოციალურ ქსელში გამოჩენილი მსგავსი შინაარსის კომენტარი, სულაც არ არის იმ რეალობას მოკლებული, რომლის წინაშეც 23 წლის ხვიჩა კვარაცხელია, პარკ დე პრენსზე სადებიუტო მატჩის შემდეგ აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ლუის ენრიკეს, სწორედ, დღეს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა უშუალოდ თამაშში ენახა თუ, სად და როგორ გამოიყენებს უახლოესი თამაშების მანძილზე ხვიჩას უნარებსა და შესაძლებლობებს.


ხვიჩა კვარაცხელიას დანახვისას, რომლიც გადატენილ პარკ დე პრენსზე წარადგინა პსჟ-მ, ცრემლი მეც კი ვერ შევიკავე თბილისში, ტელეეკრანის წინ. „კვარამ", თამაში, ძირითად შემადგენლობაში, მარცხენა გარემარბის პოზიციიდან დაიწყო. სხვათა შორის, კადრებში, რომლებშიც ხვიჩა, სტადიონზე მოსვლის შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალი ჩანდა, ემჩნეოდა, რომ ქართველი უფრო ღელავდა, ვიდრე, ამას „კვარასგან" მიჩვეულები ვართ. ყოველ შემთხვევაში, თუკი, წლების მანძილზე, მოედანზე მომავალი „კვარა" ახლოდან და ცოცხლად გყავს ნანახი, ეს ნიუანსი არავის გამოეპარებოდა.


თუმცა, ბურთთან პირველი შეხებისთანავე, ეს, ალბათ უფრო სიმორცხვე გაქრა. ხვიჩა კი, ნელ-ნელა ის ხვიჩა გახდა, რომელსაც მაინც, ყველაზე კარგად ქართველები ვიცნობთ. მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკე, პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, კვარაცხელიას თამაშს დადებითად შეაფასებს. ამის შესახებ, იტყვის მატჩის დამთავრებისთანავე, ე.წ. ბლიც-ინტერვიუზე და იტყვის მოგვიანებით პრეს-კონფერენციაზეც. პსჟ-ს ესპანელი თავკაცი მიიჩნევს, რომ კვარას აქვს უპირატესობა, მას შეუძლია შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში. აღნიშნავს, რომ საკმაოდ მძიმე მატჩში, კარგად ითამაშა, იმუშავა გუნდისთვის (სხვათა შორის ეს ის თვისებაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, „ნაპოლიში" გადასულ ქართველს სპალეტის ჯიუტმა მოთხოვნამ გამოუმუშავა, რის გამოც, იტალიელს ქართველი „ყველაფერშიკების" კრიტიკა არ მოჰკლებია). ბოლოს, დაამატა ისიც, რომ ხვიჩა კვარაცხელია, ჯერ ეცნობა გუნდს, გარემოს, სტადიონის აურას და ამ გადმოსახედიდან, ქართველმა ამოცანას თავი კარგად გაართვაო.


თამაშის შემდეგ, ბლიც-ინტერვიუზე „რეიმსთან" გამართულ შეხვედრის თაობაზე პირველი კომენტარი გააკეთა თავად კვარამაც:  „რთული თამაში იყო. „რეიმსი" კარგი გუნდია. გვქონდა ძალიან ბევრი მომენტი რომელიც ვერ გამოვიყენეთ... რა დაგვაკლდა და რაც უკვე ვთქვი, შეტევების დროს დასკვნითი ფაზა, როცა უნდა გაგვეტანა და მომენტს ვერ ვასრულებდით", - ამბობს ხვიჩა.


მოკლედ, როგორც აღვნიშნეთ დაიწყო მარცხენა გარემარბიდან, მოირგო ფლეიმეიქერობა, ითამაშა ე.წ. ცრუ-ცხრიანად და ბოლოს, მარჯვენა გარემარბის ადგილზეც ვიხილეთ... ჰოდა, ბარემ კარშიც გეცადათო, როგორც თავში აღვნიშნეთ, ქართველებმა ლუის ენრიკეს ასე შეუთვალეს. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და კვარას შეეძლო გოლიც გაეტანა, მაგრამ ეს საქმე სამომავლოდ გადადო. მთავარი კი, რაც დღეს, „რეიმსის" წინააღმდეგ თამაშში გააკეთა არის საგოლე გადაცემა. ხვიჩამ, სამი მოთამაშე მოატყუა და დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ეს ყველაფერი წვიმიან ამინდში, მშრალი ფრის შემდეგ, მეორე ტაიმის დასაწყისშივე 47-ე წუთზე მოხდა. საბოლოოდ, პსჟ-მ საშინაო შეხვედრაში ფრედ, 1-1 ითამაშა, თუმცა, „კვარას" გუნდი, ამ მომენტისთვის ლიგა 1-ში, 19 თამაშის შემდეგ, 47 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, მთელი 10 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „მარსელს" და ზოგჯერ, მსგავსი „ამოსუნთქვის" უფლებაც აქვს. მითუმეტეს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან მატჩებს შორის. რაც შეეხება ხვიჩას, მან, როგორც ვთქვით სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 83 წუთი გაატარა.


და ბოლოს, თუ სიმბოლოების გვჯერა და ჩვენი აზრით, ისიც სიმბოლურია, რომ „კვარა", ბოლო წლებია 7-იანებს არ იცილებს, მაშინ, არც რიცხვი 26-ის „მადლი" (26 მარტი, 26 ივნისი) უნდა დაგვავიწყდეს. პსჟ-სა და „რეიმსის" თამაშის დაწყებისას კი, საქართველოში უკვე 26 იანვარი იყო დაწყებული. მოკლედ, კვარას პარიზული თავგადასავალი საკმაოდ საინტერესოდ იწყება.



ფოტო: © PSG