სახლში აღებული 3 ქულა მნიშვნელოვანია და მოტივატორიც
სახლში აღებული 3 ქულა მნიშვნელოვანია და მოტივატორიც
25.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2025 წელს თბილისური მატჩით იწყებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი 31 იანვარს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს. რამდენიმე დღეში, 4 თებერვალს კი, ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა უკვე პლოვდივში გაიმართება.


„წინა თამაშებიდან, მომავალი შეხვედრებისთვის რადიკალურად არაფერი შეგვიცვლია.  ბუნებრივია, ორივე თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ამჯერად, პირველ თამაშზე გვაქვს მთელი აქცენტი გადატანილი და ამის შემდეგ უკვე მომდევნო თამაშზე დავიწყებთ ფიქრს. ასე რომ ვეცდებით, სახლის თამაშში 3 ქულა ავიღოთ, რომელიც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგვცემს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.Ge-სთან ლაპარაკში.


დიდი არა, მაგრამ პატარა ცვლილება, ყოველ შემთხვევაში თბილისურ მატჩში, ქართული გუნდში იქნება. ყვითელი ბარათების გამო, შეხვედრის გამოტოვება უწევს შოთა თოფურიას, თუმცა, საქართველოს ნაკრების გამოცდილი მოთამაშე, ბულგარელებთან საპასუხო მატჩში იქნება. ამიტომ, თოფურია მომავალი თამაშებისთვის, ნაკრებთან ერთად ემზადება.


2025 წლის პირველი თამაშებისთვის კი, ასათიანის განკარგულებაში საერთო ჯამში 16 ფეხბურთელია - მეკარეები: თორნიკე ბუკია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), ბექა ტყემალაძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), ლუკა ხარშილაძე („დინამო თბილისი"); წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ, თბილისი), ვახტანგ კეკელია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), არჩილ სებისკვერაძე („გომელი", ბელარუსი), ირაკლი თოდუა („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე („არმია", თბილისი), ოთარ ბერეჩიკიძე („არმია", თბილისი), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი", რუსეთი), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი", თბილისი).


საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში ასპარეზობს. ფინალური ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ათი შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს,  რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი,  საგზურისთვის ბრძოლას ფლე-ოფში გააგრძელებს.