
ქართველმა ხმლით მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ბულგარეთში, სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
„Sun is shining again! აქ არ არის საუბარი შედეგზე, მე ბედნიერი ვარ რომ დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას, ძალიან დიდი სირთულეებისა და იმედგაცრუებების შემდეგ, კიდევ შემიძლია დავამტკიცო რომ მე ამის კეთება კიდევ კარგად შემიძლია... ბედნიერი ვარ დღევანდელი შედეგით სულ რაღაც 1 თვეა დავიწყე ვარჯიში ახალ გუნდთან ერთად, რომლებიც უკვე ძალიან მიყვარს და ერთად ძალიან წინ წავალთ. მადლობა ჩემს ოჯახს, ვისაც ჯერა ჩემი ყოველთვის და გვერდში მიდგას, მადლობა ჩემ საქართველოს წინ ბევრი გამარჯვება გველოდება გპირდებით," - ეს კი, სანდროს მიერ პირად სოციალურ ქსელში, ასპარეზობის შემდეგ გავრცელებული პირველი კომენტარია.
წლის მეორე შეჯიბრში, ბრინჯაოს მედლისთვის გზად, სანდრო ბაზაძემ ასპარეზობა მერვედფინალიდან (T16) დაიწყო და თავდაპირველად გერმანელი მატიას საბო დაამარცხა 15-10. მომდევნო, მეოთხედფინალურ (T8) დაპირისპირებაში, დაძაბულ ორთაბრძოლაში, ტუნისელ ფარეს ფერჯანის 15-14 მოიგო, თუმცა, ნახევარფინალში (T4) ქართველმა სამხრეთ კორეელ სამგუკ ოჰს შეხვდა და ასევე დაძაბულ ორთაბრძოლაში 15-13 დასთმო შეხვედრა და მხოლოდ, მესამე ადგილს დასჯერდა.
იხილეთ შეჯიბრის სრული ოქმი ბმულზე
26 იანვარს, ასპარეზობა გუნდური შეჯიბრით დასრულდება. საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაში სანდრო ბაზაძესთან ერთად, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე და ალექსანდრე თავართქილაძე არიან პირველ წრეში საუდის არაბეთის გუნდს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, მათ ირანის ნაკრები ელოდებათ, რომელიც აღნიშნული ტურნირზე განთესილ გუნდებს შორის მოხვდა. სულ გუნდურ ასპარეზობაში 24 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას (იხილეთ ბადე).
ფოტო: © BizziTeam/ Eva Pavia