ხუთიდან ოთხი მოგებული მატჩის მიუხედავად მხოლოდ მესამე ადგილი
ხუთიდან ოთხი მოგებული მატჩის მიუხედავად მხოლოდ მესამე ადგილი
18.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთის 18-წლამდე ნაკრები, IHF-ის თასის ევროპის ზონის მესამე ადგილის მატჩში მიმდინარე ტურნირზე მეორედ დაუპირისპირდა დიდი ბრიტანეთის გუნდს და მეორედაც დაამარცხა. ამჯერად, თამაშში „წესები" ქართველებმა შესთავაზეს მეტოქეს, შეხვედრის საწყისის წუთებიდან მოახერხეს დაწინაურება ოთხი ბურთით და მეტოქე ორ ბურთზე ახლოს არ მოუშვეს. პირველი ტაიმი 14-12 მოვიგეთ. შეხვედრის ამ მონაკვეთში ჩვენი გუნდიდან 3-3 გოლი ჰქონდათ გატანილი ალექსანდრე შიოშვილს, ვახტანგ ხარებაშვილსა და გიორგი კაპანაძეს. მათთან ერთად ტურნირის ბოლო თამაში კარგად ჩაატარა თორნიკე გაგუამ.


შეხვედრის მეორე ნახევარში, საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა გაზარდა უპირატესობა, თუმცა, ამ მონაკვეთში ძირითადად, ანგარიშში სხვაობა 6 ბურთში ტრიალებდა. ერთი საინტერესო დეტალი, განსხვავებით, გუშინდელი, 1/2 ფინალური მატჩისგან, ამჯერად ჩვენი გუნდი აბსოლუტურად მობილიზებული, მშვიდი და საბრძოლო განწყობით იყო მოედანზე. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ბრიტანელები 34-27 (მატჩის სტატისტიკა) დაამარცხა და მესამე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


ამ დღეს ჩვენი გუნდიდან გოლები გაიტანეს: ალექსანდრე შიოშვილი (9), გიორგი კაპანაძე (7), ვახტანგ ხარებაშვილი (6), დავით გრიშიკაშვილი (4), საბა ფუტკარაძე (3), ნიკოლო მამულაშვილი  (2), საბა ბუიღლიშვილი (2), დავით ხელაშვილი (1).


სხვათა შორის, მესამე ადგილისთვის მატჩში, ყველაზე მეტი 9 გოლი სწორედ, ქართველი შიოშვილის ანგარიშზეა. მთლიანად ტურნირზე კი, თუ ჯგუფური ეტაპის დროს დაგროვილ გოლებსაც დავუმატებთ, 41 გოლი გაიტანა. 31 გატანილი გოლით დაასრულა ტურნირი გიორგი კაპანაძემ, 27 გოლით, ჩვენი გუნდიდან მესამე შედეგი ვახტანგ ხარებაშვილმა აჩვენა.




რაც შეეხება ტურნირის გამარჯვებულს, აქ ფინალში, მასპინძელი კოსოვო ბულგარეთს დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბედი ბოლო 5 წუთში გადაწყდა, როდესაც, კოსოვოელებმა მოახერხეს ორ-ბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ, 31-33 მოიგეს. შესაბამისად, სწორედ, კოსოვოელები გააგრძელებენ ინტერკონტინენტალურ თასზე ასპარეზობას და იქიდან შეეცდებიან 18-წლამდე ვაჟ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გასავლელი საგზურის მოპოვებას.



ფოტო: © Federata e Hendbollit e Kosovës