ქართული ლეგიონი ესპანეთში
ქართული ლეგიონი ესპანეთში
13.01.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

გიორგი შერმადინი


გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ" ესპანური ლიგის ფავორიტ "რეალს" მადრიდში ესტუმრა და ღირსეული ბრძოლა გაუმართა. კუნძულელები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, ბოლო პერიოდში 8 ქულით ლიდერობდნენ, მაგრამ სამეფო კლუბმა მაინც თავისი გაიტანა. დაძაბულ ფინალში რეალმა 96-86 იმარჯვა.


შერმადინი 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7 ცდიდან 4 ორქულაინი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა 7 ქულა და 11 პასი მიითვალა, ხოლო მატჩის ბომბარდირი 22 ქულით ტენერიფელთა სლოვაკი ლეგიონერი, დევიდ კრამერი გახდა.


16 შეხვედრიდან „ტენერიფეს" 11 მოგება აქვს და მეოთხე პოზიციაზეა. რომ მოეგო, შერმადინის გუნდი მესამეზე მყოფ რეალს გადასწრებდა.


ბექა ბურჯანაძე


ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" ქალაქ ლუგოში "რიო ბრეოგანს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში  80-83 დამარცხდა. ეს გახლდათ უშუალო კონკურენტების ჯახი, რომლებიც ცხრილის ქვედა ნაწილში, გვერდიგვერდ იმყოფებიან და მათთვის თითოეულ გამარჯვებას დიდი ფასი აქვს.


ბურჯანაძის გუნდი მასპინძლებს ბოლომდე ებრძოლა. დასკვნითი პერიოდის წინ 3 ქულით იგებდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 3 ქულით დათმო. სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს ბრეოგანის კონგოელ ცენტრ ჯორდან სახოს, რომელმაც თამაშიდან რვავე სროლა ჩააგდო, საბოლოოდ კი 17 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.


რაც შეეხება ქართველ ფორვარდს, ბექა ბურჯანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18:30 წუთი გაატარა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგო 1 სამიანი კი აუცდა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 6 ქულა, გუნდში უმეტესი (ჰუსკიჩთან ერთად) 8 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. სარგებლიანობის ინდექსით ბურჯანაძეს თანაგუნდელთაგან მხოლოდ ტრეი ტომპკინსმა აჯობა, რომელმაც 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.


4 მოგებითა და 12 მარცხით კორუნა 18-გუნდიან ლიგაში ბოლო ადგილებს "გრანადასთან" იყოფს. შემდეგ მატჩს ბურჯანძის გუნდი 18 იანვარს, შინ, "მურსიასთან" გამართავს.