ჯერ თბილისში და შემდეგ პორტუგალიაში, „დინამო თბილისმა“ მზადება დაიწყო
ჯერ თბილისში და შემდეგ პორტუგალიაში, „დინამო თბილისმა“ მზადება დაიწყო
12.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სამედიცინო შემოწმება და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის ახალი სიცოცხლე, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური საბუთით, დაბადებიდან მე-100 წელს, გუნდმა 2025 წლის 9 იანვრიდან დაიწყო.


საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, „დედაქალაქელები 15 იანვრამდე თბილისში მოემზადებიან, შემდეგ კი გეზს პორტუგალიისკენ აიღებენ, სადაც 13 თებერვლამდე ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას გაივლიან", ამავე საინფორმაციო წერილში კლუბი სპარინგებში მეწყვილეებს და ზუსტ განრიგს ოდნავ მოგვიანებით განაცხადებს.


მანამდე კი, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, „დინამო თბილისისთვის" კარგად ნაცნობი მწვრთნელი ლადო კაკაშვილი, რომელმაც ვინც არ იცის ვეტყვით, რომ „დინამო თბილისი 2" რეგიონ ლიგიდან ეროვნულ ლიგა 2-ში დააწინაურა, თან ისე, რომ მოიგო რეგიონალური ლიგა, ლიგა 4, ლიგა 3 და ლიგა 2-შიც პირველ წელს დებიუტანტის კვალობაზე სტაბილურად იასპარეზა (შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი 2" მეორე წელია ყველაზე ახალგაზრდული გუნდია რიგით მეორე ქართულ საკლუბო ტურნირზე), ამჯერად 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.


საკლუბო ვებ-გვერდის ინფორმაციით, გუნდთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა გამოცდილმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ. კლუბს კი, ლადო კაკაშვილის ზემოთხსენებული აღმასვლის და პარალელურად მთავარ გუნდში დებიუტშემდგარი იჯარის წესით გაშვებული ფეხბურთელები, ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე გორის „დილადან", მცველი ირაკლი იაკობიძე და ნახევარმცველი ოთარ აფციაური „გაგრადან" დაბრუნდნენ. ოდნავ უფრო ადრე, „დინამო თბილისში" დაბრუნდა კლუბის აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილი, ნახევარმცველი თორნიკე მორჩილაძე, რომელმაც გასული სეზონი „თელავში" გაატარა და წლის ბოლოს ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლის პრიზიც დაიმსახურა.


ალბათ, ახალი შეკრების დაწყებამდე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე „ხმაურიანი" კაპიტნის, ჯაბა კანკავას მშობლიურ „დინამო თბილისში" დაბრუნებაა. კანკავამ, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გუნდთან ერთად უკვე რამდენჯერმე ივარჯიშა კიდეც. ჩვენი პირადი დაკვირვებით, კაპიტანი, შესაშურ ფორმაშია და სხვა ყველაფერ დადებით თვისებასთან ერთად, რაც ამ ფეხბურთელს ახასიათებს, ეს აკადემიიდან, მთავარ კლუბში ასული დინამოელებისთვის მისაბაძი დეტალია.


ბუნებრივია, საქართველოს 19-გზის ჩემპიონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ამით არ დასრულებულა და სავარაუდოდ გამგზავრებამდეც და უკვე პორტუგალიაში ყოფნის დროსაც კლუბი სხვადასხვა სიახლეებს დააანონსებს. მანამდე კი, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, დინამოელები 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ვარჯიშობენ, რომელთა შორის არიან: ნიკოლოზ უგრეხელიძე, თენგიზ გობეშია, ირაკლი იაკობიძე, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარებაშვილი, ჯაბა კანკავა, ლუკა წულაია, ოთარ აფციაური, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ნიკოლოზ ტკალია, სანდრო მიქაუტაძე, რაულ ბარათელია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, თორნიკე მორჩილაძე, ნიკოლოზ ცეცხლაძე, დავით გოცირიძე, მათე ვაწაძე. ასევე მეკარეები, მიხეილ მაქაცარია (20 წლის), პაპუნა ბერუაშილი (20 წლის), საბა ტარტარაშვილი (17 წლის) - ერთი სარედაქციო მინიშნება, ბუნებრივია, „დინამო თბილისში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მეკარეების ასაკზე მინიშნება, მხოლოდ იმ მიზნით გაკეთდა, რომ ცნობილი ფაქტია, მეკარეები ყველაზე გვიან „ღვინდებიან".