რუმინეთში დღეს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდება. თბილისის დროით, 21:00 საათზე უნგრეთი, ესპანეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის უნგრეთისა და აღნიშნული ტურნირის 2023 წლის გამარჯვებული ესპანეთის დაპირისპირება, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია უდავოდ საინტერესო იქნება. თუმცა, მანამდე, არანაკლებ საინტერესო გამოდგა საქართველოსა და აშშ წყალბურთელთა ნაკრებების დაპირისპირება, რომელშიც გუნდებს 7-8 ადგილები უნდა გადაენაწილებინათ. თამაშამდე, წყვილში ფავორიტად აშკარად ამერიკელებს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა, მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებიდან გამომდინარე, ოპტიმისტ ქართველებს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ, სხვა წინათგრძნობა გვქონდა, რომელმაც არ გვიმტყუნა. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე კარი ხმაურიანად გამოიჯახუნა და ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება საკმაოდ ბევრი მოლოდინი გააჩინა. პირველ რიგში, იმ ახალგაზრდა წყალბურთელების კარგი თამაშის გამო, რომლებიც ნაბი-ნაბიჯ ჩვენი გუნდის ნატურალიზებულ ლეგიონერებს ღირსეულად ანაცვლებენ.
დასაწყისშივე გვინდა ვთქვათ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა შუშიაშვილს დაასახელებენ. ოთხიდან სამი (ერთში უბრალოდ არ მიუღია მონაწილეობა) პერიოდის სტარტზე მოგებული სპრინტის გარდა, ქართველმა წყალბურთელმა ამ დღეს, 3 გოლი, 2 ასისტი და 2 მოპარვა ჩაიწერა აქტივში.
ანგარიში კი ამ შეხვედრაში საბა ტყეშელაშვილმა გახსნა. სხვათა შორის, საბამვე დაიწყო ათვლა მეორე მეოთხედშიც. თუმცა, მესამეს დასაწყისში ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ტურნირზე თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, 3 გაძევების გამო სკამზე აღმოჩნდა, ისევე როგორც, დუშან ვასიჩი.
დღევანდელ შეხვედრაში, ქართველთა ბერძენმა თავკაცმა საკის კეჩაგიასიმ, სრული სათამაშო დრო მისცა გიორგი გვეტაძეს, რომელსაც საკმაოდ კარგი თამაში გამოუვიდა და „სეივებიც" დაუგროვდა.
რეალურად ჩვენმა გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ საბას და რევაზ იმნაიშვილის გოლების შემდეგ, ამერიკელებმა მალევე გაგვითანაბრეს, საბოლოოდ, პირველი პერიოდის მოგება მაინც მოვახერხეთ, 5-4. ამის შემდეგ, თამაშში უპირატესობა მეორე პერიოდის შემდეგ, კიდევ ერთი გოლით გავზარდეთ, პერიოდი 4-3, ხოლო ტაიმი 9-7 მოვიგეთ. ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ ნელ-ნელა „ბრუნდება" გიორგი მაგრაქველიძე რომელმაც ზემოთხსენებულ მეორე პერიოდში, საკმაოდ კრიტიკულ მონაკვეთში მოახერხა საჭირო გოლის გატანა და ის სამბურთიანი უპირატესობა მოაპოვებინა ქართველთა გუნდს, რომელმაც რეალურად „სუნთქვის" საშუალება მოგვცა დარჩენილ თამაშში.
მეორე პერიოდში დაიწყო და საბოლოოდ სამი გოლით დაასრულა ასპარეზობა ვაკო დადვანმაც, რომელსაც „დაჯარიმებულთა" სკამზე გადაჯდომა საბედნიეროდ ბოლო პერიოდში მოუხდა. ისევე, როგორც სანდრო ადეიშვილს. სხვათა შორის დადვანის მესამე პერიოდში გატანილი გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოახერხა უპირატესობა 4 ბურთამდე გაეზარდა. თუმცა, ამ მონაკვეთში ათვლა გამოცდილმა სტეფან პიეშივეცმა დაიწყო. მესამე პერიოდი, 3-2 მოვიგეთ, გადამწყვეტი, ბოლო მეოთხედის წინ კი საერთო ანგარიშში, სხვაობა სამი ბურთი იყო 12-9.
ერთი საინტერესო დეტალი, ბოლო პერიოდის წინ ქართველებს 22-დან 12 დარტყმა გოლით ჰქონდათ დასრულებული, მაშინ როცა, 9 გოლის გასატანად, აშშ-ს ქართველთა კარის მიმართულებით, 26-ჯერ ჰქონდათ დარტყმული.
რაც შეეხება ბოლო პერიოდს, აქ, იოან სარიჩის მცირე-სანახაობის მომსწრე გავხდით, იმას გარდა, რომ ჩვენი გუნდის გამოცდილმა მოთამაშემ პერიოდში გოლების ათვლა დაიწყო, ერთი ბოლო გოლი საკმაოდ ლამაზიც გამოუვიდა და ცოტა კურიოზულიც, ალბათ, უფრო საფეხბურთო - შორი მანძილიდან დარტყმული, მეკარეს თავზე გადაუგდო. ბოლო მონაკვეთი საქართველოს ნაკრებმა 5-3, საბოლოოდ კი, 17-12 მოიგო და მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-7 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
ფოტო: © Alex Nicodim