მომდევნო სანაკრებო ციკლს ანა ჩემინავა სრულად გამოტოვებს
მომდევნო სანაკრებო ციკლს ანა ჩემინავა სრულად გამოტოვებს
03.12.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ანა ჩემინავა დაახლოებით 9 თვის მანძილზე ვეღარ დაეხმარება ეროვნულ ნაკრებს და ვერც საკლუბო ფეხბურთში მიიღებს მონაწილეობას. ისრაელის ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდის „ჰაპოელ თელ-ავივის" შემადგენლობაში მოთამაშე ქართველმა, 11 ნოემბრის შეხვედრაში, რომელშიც ჩემინავას გუნდი გასვლაზე, „პეტახ ტიკვას" ეთამაშებოდა, მეორე ტაიმში დაშავდა. ქართველი მინდვრიდან საკაცით გამოიყვანეს.


„ახლა კარგად ვარ. ორი დღის წინ ოპერაცია დამჭირდა ჯვარედინზე და მენისკზე. ასე, რომ ვცდილობ გავუძლო ტკივილებს და შემდეგ, დავუბრუნდე მოედანს. ჩემთვის საკმაოდ რთული პერიოდია და ის მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებ თქვენგან ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - ამბობს, TSFF.Ge-სთან საუბარში ანა ჩემინავა.


შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. ჩვენ დაგელოდებით, კაპიტანო - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანა, ფეხბურთელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ქალთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2025 წლის C2 ჯგუფში ასპარეზობას 21 თებერვლიდან იწყებს. ანა ჩემინავას გარეშე ქალთა ნაკრებს პირველი შეხვედრის გამართვა სწორედ ამ დღეს უწევს ანდორას ნაკრების წინააღმდეგ. 25 თებერვალს კი, კვიპროსზე გაემგზავრება. ამ ორი ნაკრების გარდა, ჩვენი გუნდის ჯგუფში არის მალტას ნაკრები. თავად ჯგუფური ეტაპის თამაშები კი, 3 ივნისს, კვიპროსთან საშინაო თამაშით დასრულდება. ასე, რომ კაპიტანს, ტრავმისა და სარეაბილიტაციო პერიოდის გათვალისწინებით, აღნიშნული შესარჩევის გამოტოვება მოუწევს.


ჩვენის მხრივ, ანა ჩემინავას, მალე გამოჯანმრთელებას და სწრაფ რეაბილიტაციას ვუსურვებთ!