პირველი წრე - წაგების გარეშე პირველზე
პირველი წრე - წაგების გარეშე პირველზე
25.11.2024
ავტორი: ფუტსალის ლიგა

ფუტსალის უმთავრესი ლიგის პირველი წრე უხვგოლიანი მე-7 ტურით დასრულდა. ჯამში 39 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში თითქმის 10 გატანილი ბურთის ტოლფასია. პირველი წრის შემდეგ, მოწინავე ოთხეული, ცხრილში ასეთი თანმიმდევრობით გამოიკვეთა - ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, კსუ, არმია და თსუ. კიდევ ერთი, წაგების გარეშე მხოლოდ ჯორჯიანსია და ცხრილსაც დამსახურებულად ლიდერობს... უპრიანია, დეტალურად მივყვეთ, რა მოხდა ამ ტურში.


ტური ცენტალური მატჩშითა და სწრაფი გოლით გაიხსნა - არმია, 22-ე წამზე გიორგი ქურდაძემ დააწინაურა, 0-1. თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა და ისევ არმიამ იმარჯვა. მე-6 წუთზე გოგსაძის გამჭოლი პასით შაკო ცირამუამ ფორა გააორმაგა, 0-2. არმიელებს წუთშივე შანსი ჰქონდათ ანგარიშში სხვაობა გაეზაარდათ, მაგრამ პენალტისას ცირამუას დარტმული ბურთი, თსუ-ს მეკარე გიორგი მგელაძემ მოიგერია (რომელიც პენალტისას შემოიყვანეს). მერე სტუდენტების ჯერი დადგა და ლაშა ერქომაიშვილმა სხვაობა მინიმუამდე შეამცირა, 1-2. წუთიც არ იყო გასული როცა ცირამუას დარტყული თსუ-ს მეკარემ მოიგერია, მაგრამ გურამ ხაჭაპურიძემ დამატებაზე იმარჯვა და ორბურთიანი ფორა აღადგინა, 1-3. სტუდენტები არ დანებდნენ, შეტევებთან ერთად პრესინგსაც მიმართეს და მე-15 წუთზე ნოდარ ქურცაძემ ანგარიშში სხვაობა კვლავ მინიმუმამდე შეამცირა, 2-3. თსუ ამას არ დასჯერდა და კიდევ 3 წუთში ნიკა ჩალაძემ ანგარიში გაათანაბრა, 3-3. თამაში ორმხრივი იერიშებით და უფრო დრამატულად გაგრძელდა. მე-19 წუთზე ნუკრი ჭუმბურიძემ არმია ისევ წინ გაიყვანა, 3-4. სტუდენტებს შესვენებამდე და მეორე ტაიმის სტარტზე, თითოჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ არმიელები ორივეჯერ ძელმა იხსნა. 21-ე წუთზე ქურდაძემ მეორე გოლი გაიტანა, 3-5. მომდევნო ხუთი წუთი ორმხრივ შეტევებში გაილია და 26-ე წუთში რომან კუხიანიძემ მაკრატელათი, არა მარტო ამ მატჩის, პირველი წრის საუკეთესო გოლით, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 4-5. ნახევარ წუთში ქურდაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა და ორბურთიანი ფორა ისევ აღადგინა, 4-6. თამაში კვლავ საინტერესოდ გაგრძელდა და 31-ე წუთზე ცირამუამ მეორე გოლი იზეიმა, 4-7. დარჩენილ დროში თსუ-მ მხოლოდ ის შეძლო, რომ ნიკა ჩალაძემ მეორე ბურთი გაიტანა, 5-7. არმიამ დამსახურებულად მოიგო, მე-3 საფეხურზე გამაგრდა და მდევარ თსუ-სთან სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა.


კსუ-მ ახალბედა მოთამაშეებით დაკომპლექებულ UG-წალენჯიხას შანსი არ დაუტოვა და 10-2 იმარჯვა. კავკასიელებმა პირველში 4, მეორე ტაიმში კი 6 გოლი იზეიმეს. კსუ-დან საბა მაჩიტიძემ ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო ნიკა ხარატიშვილმა და გიორგი ჩიმაკაძემ დუბლი მიითვალეს, თითო ბურთი კი ნოდარ ქურცაძემ, ნიკა მანგოშვილმა და საბა ტყეშელაშვილმა გაიტანეს. წალენჯიხელთაგან თითო გოლი ვაჟა კვარაცხელიამ და იური ჩანგელიამ ჩაიწერეს. ამ მოგებითა და 18 ქულით კსუ მე-2 ადგილზე გამაგრდა, წალენჯიხელები კი 2 ქულით ბოლო საფეხურზე დარჩნენ.


ტურის ცენტრალური მატჩის შემდეგ, დიდ ინტერესს იწვევდა დინამო თბილისისა და ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის დაპირისპირება. დინამოელებმა სტარტზევე მეკარიანად შეუტიეს, ჯორჯიანსელები საიმედოდ იცავდნენ თავს და არაერთი მწვავე შეტევით გოლი მოამწიფეს. მე-6 წუთზე ირაკლი თოდუამ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა, 0-1. ავთანდილ ასათიანის ბიჭები ამას არ დასჯერდნენ და მე-10 წუთზე ვახტანგ კეკელიამ ფორა გააორმაგა, 0-2. ჩემპიონებმა შეტევები გააგრძელეს, მე-14 წუთზე გაბრიჩიძის დარტყმული დინამოს კიპერმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე იტალო ბსილიომ ყველას დაასწრო და სხვაობა კიდევ გაზარდა, 0-3. გავიდა წუთი და დინამოდან ცოტნე მესხმა ერთი გოლი გაქვითა, 1-3. ამან ჯორჯიანსელები გააცხარა და ორიოდე წუთში ვახტანგ ჯვარაშვილმა სამბურთიანი სხვაობა აღადგინა, 1-4. ნახევარ წუთში თოფურიამ დუბლი შეასრულა, 1-5. ამ ანგარიშით დაიწყო მეორე ტაიმი და თითქოსდა მატჩის ბედი ბევრისთვის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ დინამოელებმა ბოლომდე იბრძოლეს. მეორე ტაიმი სწორედ მათი შეტევებით დაიწყო. მართალია, მათ გოლი დაუგვიანდათ, მაგრამ მაინც გაიტანეს, თანაც არაერთი. 27-ე წუთზე ცოტნე მესხმა მეორეც გაიტანა, 2-5. ნახევარ წუთში გაიოზ ლაგაზაშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა და კიდევ ერთი ბურთი გაქვითა, 3-5. დინამოს არასრული 12 წუთი ჰქონდათ მატჩის გადასარჩენად, მაგრამ ნიუ ვიჟენმა ნელ-ნელა თამაშზე კონტროლი დაამყარა და 34-ე წუთზე შოთა თოფურიამ სამბურთიანი სხვაობა აღადგინა, 3-6. ამას დინამოელებმა ლაშა-გიორგი ობოლაძის ერთადერთი გოლით უპასუხეს, 4-6. ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსს ამ მოგებით 19 ქულა დაუგროვდა, ჩემპიონებმა პირველი წრე წაგების გარეშე, პირველ ადგილზე დაასრულეს.


პსპ-მ 3-მატჩიანი მარცხიანი სერია, ბეტის თბილისთან მატჩში შეწყვიტა, რითაც ბეტისელთა მარცხიანი სერია სამამდე გაზარდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ფარმაცევტებს ბეტისელებთან იოლი გასეირნება არ ჰქონიათ. სწრაფ და მოძრავ გუნდთან დაპირისპირებაში, გამოცდილმა პსპ-მ მაინც დაამყარა თამაშზე კონტროლი, მაგრამ გოლი კი გვარიანად დაუგვიანდა. მე-19 წუთზე ნიკოლოზ კურტანიძის დარტყმისას ხარიხამ იხსნა ბეტისელთა კარი, მაგრამ ასხლეტილ ბურთზე ლუკა ჯოლოხავამ იმარჯვა, ანგარიში გახსნა (0-1) და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ტაიმში ნიკოლოზ კურტანიძემ ბენეფისი მოიწყო. 23-ე წუთზე სიგუნავას პასით კურტანიძემ ფორა გააორმაგა. ცხრა წუთის მერე, გოგაშვილის პასი გოლით დააფასა, 0-3. კიდევ სამ წუთში კურტანიძემ ჰეთ თრიკი შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა კიდეც. გაფრთხილებათა ლიმიტის ამოწურვის გამო, ბეტისი თბილისმა 36-ე წუთზე პენალტი დაიმსახურა. 10-მეტრიანი ბეტისელთა მეკარე თეიმურაზ გაბეხაძემ პრესტიჟის გოლად აქცია, 1-4. პსპ 6 ქულით  მე-6 ადგილზე და მხოლოდ ქულით ჩამორჩება წინა საფეხურზე მყოფ დინამო თბილისს. ბეტისელები კი 3 ქულით კვლავ მე-7 საფეხურზე არიან.


სატურნირო ცხრილი