სანაკრებო თამაშების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები საკლუბო ცხოვრებას უბრუნდებიან. ქართველების კლუბებმა გასვლით შეხვედრებში ფრედ ითამაშეს.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას „სლოვანი" სტუმრად „კოსიცეს" დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. 59-ე წუთის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი გაშვებული პენალტით მარცხდებოდა, თუმცა, სტუმრებმა გათანაბრება 73-ე წუთზე, ტიგრან ბარსეგიანის გოლით შეძლეს. კაშია თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. 15 ტურის შემდეგ ბრატისლავას „სლოვანი" 35 ქულით ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს.
ლალიგა 2-ის მეთექვსმეტე ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე" „ფეროლს" ესტუმრა. მატჩი უგოლო ფრით, 0-0 დასრულდა. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა. 16 ტურის შემდეგ, „ლევანტე" სატურნირო ცხრილში 23 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.
ინგლისის ჩემპიონშიპის მეთექვსმეტე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი" სტუმრად „პლიმუთს" დაუპირისპირდა. ძალიან დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. სტუმრები შეხვედრას მატჩის დამთავრებამდე 1 წუთით ადრე 2-1 იგებდნენ, თუმცა, დამატებით მეექვსე წუთზე ანდრე გრეიმ პლიმუთისთვის დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა. ჩაკვეტაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მეთექვსმეტე ტურის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის გუნდი 26 ქულით მეხუთე ადგილზეა