ვილის გუნდი ჯგუფში დასარჩენად სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
ვილის გუნდი ჯგუფში დასარჩენად სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
22.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2025 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას, მეზობლად, სომხეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდს, უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგაში დასარჩენად, C ლიგის ერთ-ერთ მეორეადგილოსან სომხეთის ნაკრებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. ორ-რაუნდიანი ფლეი-ოფის წილისყრა დღეს, ნიონში გაიმართა და მას ბუნებრივია, ქართული დელეგაციაც ესწრებოდა.


„ერთა ლიგის ფლეი-ოფში კავკასიური დერბი გველის. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგია, რომ ხანგრძლივი მგზავრობა არ მოგვიწევს. ეს იქნება ჩვენი ბოლო ოფიციალური მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე და იმედი მაქვს, მაღალ დონეზე ვითამაშებთ", - ამბობს ვილი სანიოლი.


საქართველო - სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩები 20 და 23 მარტს გაიმართება. ჩვენი გუნდი, პირველ შეხვედრას გასვლაზე, ხოლო საპასუხო მატჩი საქართველოში გამართავს.


„ვერ ვიტყვი, რომ მეორე მატჩის სახლში ჩატარება განსაკუთრებული უპირატესობაა. ეს ყოველთვის პირველი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. არ მგონია, რომ თანამედროვე ფეხბურთში ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, საპასუხო შეხვედრაში მნიშვნელოვან უპირატესობას მოვიპოვებთ", - ამბობს სანიოლი.


სომხური სოციალურ ქსელში, წილისყრის შედეგების გამოჩენისთანავე აქტიურად დაიწყო ლაპარაკი, რომ დღევანდელი მოცემულობით, უფრო ძლიერი საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება, ჩვენთან ტრადიციულად შეჯიბრში მყოფი მეზობელი ქვეყნის გულშემატკივრისთვის და რაღა თქმა უნდა ფეხბურთელებისთვისაც უფრო მეტად სტიმულის მიმცემია და ისინიც, ყველაფრის მიუხედავად, შეეცდებიან, ქართული გუნდის დამარცხებას. შეგახსენებთ, რომ სომხეთის ნაკრებმა 7 ქულით C4 ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ტურნირის განახლებული დებულების თანახმად, ერთი ლიგით დაწინაურების შანსი მიეცა. ამ ეტაპზე, სომხური მედია, არაფერს წერს, წილისყრის შედეგებზე. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი, მიიჩნევს, რომ მისი გუნდისთვის მთავარია გზა „მომავლისკენ".


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელ ლიგაში ვართ ამჟამად, არამედ ის, თუ სად მივდივართ. ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმას, რაც უახლოეს წარსულში მოვახერხეთ", - ამბობს სანიოლი, რომლის გუნდმაც უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგაში, სადაც პირველად წელს იასპარეზა, ჯგუფური ეტაპი 7 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.


აქვე შეგახსენებთ, რომ საქართვლოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს შვიდჯერ შეხვდნენ. აქედან 4 მატჩი ქართველებმა მოიგეს, ორი ფრედ დასრულდა, ერთი მატჩი კი, საქართველოს ნაკრებმა წააგო, 2020 წლის 15 ნოემბერს, მინიმალური ანგარიშით 1-2. იმ მატჩში, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს გაიმართა და „დინამო არენაზე" გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა, ქართველთაგან ერთდერთი გოლი, ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. 4 წლის წინანდელი ნაკრები სასტარტო შემადგენლობიდან, ვილი სანიოლის გუნდში, ყველაზე ხშირად, ზურიკო დავითაშვილი და საბა ლობჟანიძე ხვდებიან. ზოგადად, უკვე ხსენებული ორი ფეხბურთელის გარდა, ვილის გუნდში გურამ კაშია, გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, ნიკა კვეკვესკირი, ლაშა დვალი ყველაზე მეტჯერ იყვნენ გამოძახებულნი.



სტატიაში გამოყენებულია © UEFA.COM -ის ფოტო