ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა
ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა
20.11.2024
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. წლის დასკვნით შეხვედრაში, ჩვენი გუნდი ჩეხეთის ნაკრებთან, ოლომოუცში, მინიმალური სხვაობით 2-1 დამარცხდა. 


მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლებმა შულცის და ჰლოჟეკის გოლებით მოიგეს. მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ოთარ კაკაბაძის პასით სხვაობა შეამცირა. მიუხედავად რამდენიმე საგოლე მომენტისა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. 


საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფი 7 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. მარტში, ჩვენი გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში C ლიგის ერთ-ერთ მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში 22 ნოემბერს გახდება ცნობილი. 


ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ ტაიმი შესაბამის დონეზე არ ჩაგვიტარებია. იყო ტექნიკური ხარვეზები, გვაკლდა აგრესიულობა. როდესაც ასეთი დონის გუნდთან ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, რთულია თამაშის მიმდინარეობის შეცვლა. ვეცადეთ, გამოვიყენეთ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი, თამაშში ბევრი შემტევი ფეხბურთელი ჩაერთო, თუმცა, ვერ შევძელით მატჩის გადარჩენა. 



ერთა ლიგაში სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. ბ ლიგაში პირველად ვითამაშეთ და თითოეულ მეტოქესთან ღირსეულად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, თუ უმაღლეს საფეხურზე გვსურს ასვლა, არის გარკვეული დეტალები, რომელთა გაუმჯობესება გვმართებს. განსაკუთრებით, მატჩების სასტარტო წუთები, რადგან ბოლო პერიოდში ეს პრობლემა იყო ჩვენთვის. გვაკლდა კონცენტრაცია. თუმცა, სწორედ ეს არის სხვაობა ჩვენსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის. სწორედ ეს დეტალებია, რაც გამარჯვების უფრო მეტ შანსს მოგვცემს. ამაზე უნდა ვიმუშაოთ მომავალში, რადგან შესანიშნავი განვითარება გვაქვს და გვსურს, რომ მეტისთვის ვიბრძოლოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. მეტი უნდა ვიშრომოთ, რომ მომავალში წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ".