ქართული ლეგიონი უიქ-ენდზე...
ქართული ლეგიონი უიქ-ენდზე...
04.11.2024
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

ბექა ბურჯანაძე


ბექა ბურჯანაძემ ბარსელონაში შედეგიანად ითამაშა. ის თავის გუნდ "ლეიმა კორუნაში" საუკეთესო იყო, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატის დებიუტანტი კალატლონიურ გრანდთან უშანსოდ დამარცხდა - 80-106.


პირველი პერიოდის შემდეგ ბურჯანაძის გუნდს იმედი ჰქონდა და არცთუ უსაფუძვლო, რადგან 7 ქულით ლიდერობდა, თუმცა დარჩენილ დროში ბარსელონა დიდ უპირატესობას დაეუფლა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.


ბურჯანაძემ არასრულ 19 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. ის საერთო სარგებლიანობით თავის გუნდში საუკეთსო იყო.


ლეიმა კორუნია 6 ტურის შემდეგ 2 მოგებით და 4 წაგებით მე-14 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, გიორგი შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლებს.


თოკო შენგელია


იტალიის სერია A-ში დაგეგმილი, თუმცა რთული გამარჯვება მოიპოვა ვირტუსმა, რომელმაც ბოლონიაში ტრევიზოს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში  104-97 სძლია.


ბოლონიელებმა 4-დან 3 პერიოდი დათმეს, თუმცა მესამე 15 ქულით მოიგეს და მატჩის მოსაგებად ეს საკმარისი აღმოჩნდა. შენგელიამ მოედანზე გატარებულ 17 წუთში 10 ქულა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.


ვირტუსი 5 მოგებით და არც ერთი მარცხით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 ნოემბერს, ტორტონას უმასპინძლებს.