უეფა-მ ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა - მიზეზი ალბანეთთან მესხზე გამართული მატჩია
უეფა-მ ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა - მიზეზი ალბანეთთან მესხზე გამართული მატჩია
02.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პრობლემები ე.წ. „ტურნიკეტებთან", ფეხბურთელებზე მინათებული ლაზერი, ტრიბუნიდან ნასროლი ნივთები, პიროტექნიკა - ეს იმ დარღვევების ჩამონათვალია, რომელიც, საქართველო-ალბანეთის მატჩის შემდეგ, უეფა-ს ერთა ლიგის მე-4 სათამაშო დღეს, თბილისურ თამაშზე მოვლენილი დელეგატის „დებრიფში" (მატჩის შემდგომი ანგარიში) აღმოჩნდა და რომლის შესახებაც, უეფა-ს დისციპლინარული კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს და მატჩის მასპინძელი, ქართული მხარისთვის სანქციების დაწესება გადაწყვიტეს. ეს მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „პიროქტენიკა" ქართველი გულშემატკივრის ტრიბუნაზე მხოლოდ ორი ცალი „კვამლი", ალბანელებმა კი, მატჩის ბოლოს მიხეილ მესხი საკმაოდ დააკვამლიანეს. მოკლედ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-მ დააჯარიმა.  გადაწყვეტილება, უეფა-ს ფეიმ-ის გვერდზე 1 ნოემბერს გამოქვეყნდა.

უეფა-ს ამ გადაწყვეტილებაში ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ უეფა-მ სფფ-ს გამოსაცდელი ვადით ორი წელიწადი დაუწესა - კერძოდ, უეფა-ს ეგიდით გასამართი მომავალი საშინაო მატჩი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იქნება მასპინძელი, ნაწილობრივ დახურული იქნება (მინუს 2000 ადგილი). ახლა ორი წელი, ყველა მატჩზე, სადაც ვითამაშებთ, ბეწვის ხიდზე გავლდა და მაქსიმალურად მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა მოგვიწევს. სხვათა შორის, მატჩის მსვლელობის დროს, ვინც სტადიონზე ვიყავით, აუცილებლად გავიგებდით დიქტორის გამოცხადებულს, სადაც ის მოგვიწოდებდა გულშემატკივარს თავი შეეკავებინა ლაზერის გამოყენებიდან, სამწუხაროდ, არ დავიჯერეთ...


აქვე, ე.წ. „ტურნიკეტების" საცობთან დაკავშირებითაც ერთ პატარა მოსაზრებას გეტყვით. უცხოეთში, რომელ თამაშზეც არ ვყოფილვარ და ასეთი ცოტა არ დამიგროვდა წლებია, გულშემატკივარი, მატჩზე დასასწრებად, 3 საათით ადრე იწყებს მოსვლას. რა ხდება ჩვენთან? აი ქართულ ორგანიზაციებში, რომ ტენდენციაა, „გუშინ გასაკეთებელს, რომ ხვალ აკეთებენ", ტრიბუნაზე შესვლას გულშემატკივარი, თამაშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე იწყებს, „ტურნიკეტებთან" საცობიც ამის გამოძახილია. მგონი მარტივია ხომ? თუ გერგო ბედნიერება და შეიძინე ბილეთი, გადადე ეს დღე თამაშისთვის, ისწავლე გულშემატკივრობა, მიდი სტადიონზე და მიუძღვენი თავი იმ დღეს შენს გუნდს და მხოლოდ, ფეხბურთს არ ეხება ეს.


რაც შეეხება კონკრეტულ სანქციას, უეფა-მ „პირობითის" გარდა, სფფ ფინანსურადაც დააჯარიმა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 14 000 ევრო ჯარიმა საზოგადოებრივი გასასვლელების დაბლოკვისთვის, 12 000 ევრო - ტრიბუნებიდან ლაზერის გამოყენებისთვის, ხოლო 30 000 ევრო - ფანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის.


და ბოლოს, კვლავ ჩვენი მოსაზრება, ალბათ, უფრო თხოვნა იქნება - შევეცადოთ, რომ თამაშის შემდეგ, არ გადავქანდეთ მინდორზე „სელფების" გადასაღებად, კარის ბადეების დასაჭრელად, ბალახის დასათხრელად და იქ მომსახურე პერსონალის კუთვნილი ნივთების „ხელს გასაყოლებლად" - ამით სფფ არა, ჩვენ, ქართველი გულშემატკივარი ვზარალდებით ყველაზე მეტად!