სამ ოვერ-ტაიმად გაღებული რისკი, რომელმაც არ გაამართლა
სამ ოვერ-ტაიმად გაღებული რისკი, რომელმაც არ გაამართლა
31.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„მთავარი მხოლოდ მოგება არ იყო", - იტყვის მატჩის დასრულების შემდეგ კოტე ტუღუში, საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010"-ის მთავარი მწვრთნელი, რომლის გუნდიც დღეს ძალიან ახლოს იყო, ფიბა-ს ევროპა თასის მეორე მატჩი მოეგო, თუმცა, სამი ოვერ-ტაიმის შემდეგ, სლოვაკურ „პრიევიძზასთან" 104-108 (მატჩის სტატისტიკა) დამარცხდა. საქმე ისაა, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა, სლოვაკეთში, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, ამასთან 8 ქულიანი სხვაობით. შესაბამისად, თუკი, კოტე ტუღუშს გუნდს, მომდევნო ეტაპზე გასვლა უნდოდა, დღეს, „პრიევიძზასთან" საპასუხო შეხვედრაში, მინიმუმ 9 ქულით უნდა მოეგო, რათა, თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლა, თუნდაც ერთი ქულით მოეხერხებინა. თუმცა, თეორიულად, ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ვითარება შესაძლო ქართულ გუნდს სხვა მაჩვენებლებით წასდგომოდა. ამისთვის, კი დღეს მარტივად, უნდა მოეგო.

ამას გარდა, არის კიდევ ერთი „თუმცა", თუკი ქართული კლუბი გაიმარჯვებდა მას, საკლუბო რეიტინგში, რომელიც შეიძლება ფიბა-ს, უეფა-ს მსგავსად „გაკრახმალებული თეთრეულივით" გამოფენილი არ აქვს და მისი განახლებაც ისე ხშირად არ ხდება, როგორც ფეხბურთმა დაგვაჩვია, თანაც, ჩვენი კლუბები ფიბა-ს ტურნირზე არარეგულარულად ასპარეზობენ, დღეს მოგებული თამაში, საერთო ქართულ საკლუბო საქმეს, მცირედით მაინც წაგვადგებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში, კოტე ტუღუში იტყვის, რომ მისი გუნდი დღეს მხოლოდ, 8 ქულაზე მეტი ქულით მოსაგებად იყო გამოსული და სხვა შედეგი მის გუნდს არ აწყობდა. პირადად ჩვენთვის პოზიცია გასაგები, თუმცა, არა მისაღები!


ახლა, ოთხი მატჩის შემდეგ, „ქუთაისი 2010" ფიბა-ს ევროპა თასის J ჯგუფში (სატურნირო მდგომარეობა) მესამე საფეხურზეა და რეალურად, დღევანდელი მარცხის შემდეგ, ჯგუფიდან გასვლის, თეორიული შანსიც კი დაკარგული აქვს. შესაბამისად, ბოლო ორი შეხვედრა, ქართული კლუბისთვის გამოცდილების დასაგროვებლად და ხასიათის გამოსასწორებლად უფრო არის, რადგან იმისთვის, რომ 2025-2026 წლების სეზონზე „ქუთაისი 2010"-მა კვლავ იასპარეზოს ევროტურნირზე, ჯერ ქართულ სუპერლიგაშიც მოუწევს გარჯა.


რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის თანაბარი გუნდების დაპირისპირება იყო. თანაბარი მეოთხედებით და ოვერ-ტაიმებით, რომელშიც გამარჯვებული, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, მტკიცე ნერვების მქონე გუნდი გამოვიდა. სხვაგვარად, ვერ ავხსნი იმ მცირე კამათსაც, რომელიც თბილისი არენაზე, საფინალო სასტვენის შემდეგ მოხდა ქართულ და სლოვაკურ კლუბებს შორის. საბედნიეროდ, წამიერად და საქმის სერიოზულ „გარჩევაში" არ გადასულა. თუ რისკავ და მეოთხე მეოთხედის ბოლოს, პირველი ოვერ-ტაიმის ბოლოს, მეორე ოვერ-ტაიმის ბოლოს, ოქროს წამებს ფლანგავ (და გასაგებია, ამას იმიტომ აკეთებ, რომ დამატებით ხუთ წუთში 8-ზე მეტი ქულა გინდა დააგროვო) და შესაბამისად, სატურნირო ცხრილში ჩასაწერ 2 ქულას რისკავ, მაშინ, წაგების აღიარებაც უნდა შეგეძლოს.


ქართულმა გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო - ელაია ჯოინერი, გიორგი ოჩხიკიძე, გიორგი კორსანტია, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, მთელი შეხვედრის ძირითადმა ჯაფამაც ამ სასტარტო ხუთეულზე გადაიარა, თუმცა, ერთის გამოკლებით. მეორე მეოთხედიდან ტრავმის გამო ბექაურმა ძირითადად სკამზე გადაინაცვლა და საბოლოოდ, 0 ქულით დაასრულა დღევანდელი დღე. პირველი მეოთხედი „ქუთაისი 2010"-მა 1 ქულით, 17-16 მოიგო. ჩვენი გუნდიდან ამ მონაკვეთში, ყველაზე მეტი, 7 ქულა ოჩხიკიძის ანგარიშზე იყო. პირველთან შედარებით, ოდნავ უფრო სოლიდური უპირატესობით, 28-24 მოიგო ტუღუშის გუნდმა მეორე მეოთხედი. შესაბამისად, პირველი ნახევარის შემდეგ, 5 ქულით 45-40 იყო წინ. პირველი ტაიმის შემდეგ, ჩვენი გუნდიდან 12 ქულა ჯოინერის ანგარიშზე იყო, რომელიც საბოლოოდ, ორივე გუნდში საუკეთესო მექულე აღმოჩნდა 31 ქულით, 32% მარგი ქმედების კოეფიციენტით, 7 ასისტით და 4 მოპარვით.


შესაძლოა, წინა შეხვედრებიდან გამომდინარე ცოტა უფრო მეტი მოლოდინი იყო გიორგი კორსანტიასაგან, რომელმაც ამ დღეს მხოლოდ ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა 18 ქულა / 12 მოხსნა, თუმცა, საბოლოოდ, არც ეს გამოდგა საკმარისი. სტაბილურად კარგად ჩაატარა თამაში გიორგი ოჩხიკიძემ (16 ქულა და პარკეტზე გატარებული ყველაზე მეტი დრო, 48:21 წუთი), თუმცა, ალბათ, მასაც ბევრი ახალგაზრდა თანაგუნდელივით, ჯერ საერთაშორისო მატჩებში თამაშის გამოცდილება აქვს დასაგროვებელი, რაც გვჯერა აუცილებლად მოვა.


მეორე ტაიმი, ძირითადად სტუმრების კარნახით წარიმართა და აქ, პერიოდებიც მათ მოიგეს, 13-15, 15-18. მატჩის ბოლოს, ტაბლოზე ანგარიში საყაიმო იყო, 73-73, თუმცა სირენამდე რამდენიმე წამი დარჩენილი და ბურთით ქართული გუნდი, რომელსაც შეეძლო თამაშის დამთავრება - მოგება 2 ან თუნდაც, 3 ქულით. თუმცა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ჩვენებმა „გარისკვა" და თამაშის ოვერ-ტაიმში გადაყვანა გადაწყვიტეს, აქ, ერთი 5-წუთიანი მონაკვეთი 10-10, მეორე 11-11 დასრულდა.


ალბათ, ამ ორ მონაკვეთიდან პირველში, გაგვიმართლა კიდეც, როდესაც მიხეილ ბერიშვილს, სამიანები (მიშამ საბოლოოდ 11 ქულა დააგროვა) წაუვიდა, ორი ზედიზედ და საკუთარ გუნდს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თუმცა, ბოლოსკენ დაცვით თამაშში ცოტა ჩავარდნა გვგქონდა.


სპორტში, უნდა გარისკო, თუმცა, ყველაფერს აქვს ზღვარი და ისევ და ისევ, ჩვენი სუბიექტური აზრით, დღეს ეს ზღვარი, ქართულმა გუნდმა არ დაიცვა. მეორე ოვერ-ტაიმისას ჩანდა, რომ ჩვენი გუნდის გეგმას - მოგვეგო 8 ქულაზე მეტი ქულით, არ ეწერა ასრულება. მესამე ოვერტაიმის სტარტზევე, ჩვენებს დაეტყოთ მღელვარება და იმ მცირე შეცდომებმა, რომელიც რეალურად, მთელი თამაში გვგქონდა, უფრო იჩინა თავი. სლოვაკურმა კლუბმა, ნელ-ნელა გაზარდა უპირატესობა და მიუხედავად ქუთაისელთა მცდელობებისა, ქართული გუნდს ანგარიში, აღარ გაათანაბრებინა.


და ბოლოს, კოტე ტუღუშა, დღეს განაცხადში მყოფი 12 მოთამაშიდან, პარკეტზე 12 გამოიყვანა. მათგან, უკვე ჩამოთვლი მოთამაშეებთან ერად, „ქუთაისისთვის" ქულები ლეგიონერმა სმიტმა (12 ქულა), კაკი დვალიშვილმა (8) და გიორგი სულაბერიძემ (8) დააგროვეს.


მომდევნო შეხვედრას „ქუთაისი 2010", 6 ნოემბერს ესპანური „ბილბაოს" წინააღმდეგ გამართავს. 13 ნოემბერს კი, თბილისი არენაზე, ბულგარულ „ბალკანს" უმასპინძლებს.