პირველად ფლეი-ოფი და ქართული დროშები დუბლინის „ტალა სთეიდიემზე“
პირველად ფლეი-ოფი და ქართული დროშები დუბლინის „ტალა სთეიდიემზე“
30.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ნავსი ვერც ამჯერად გატეხა და ირლანდიის ნაკრებთან მორიგი ორრაუნდიანი დაპირისპირება წააგო და გოლი კვლავ ვერ გაიტანა. თუმცა, ამჯერად, ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი ირლანდიელებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ფლეი-ოფში დაუპირისპირდა და ორის შეხვედრის ჯამში, 9-0  (რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორი შეხვედრის ჯამში ირლანდიელებთან 0-20 (11-0 / 0-9 დავმარცხდით) წააგო.

ბუნებრივი  იყო, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში 0-6 მოგებული თამაშის შემდეგ, ირლანდიელები, მეორე ფლე-ოფისთვის შეინახავდნენ ძალებს, თუმცა, მასპინძლებმა პირველივე წუთებზე გოლი გაგვიტანეს და ნახევარი ტაიმის შემდეგ, ირლანდიელები, უკვე 2-0-ს იგებდნენ და სასურველ საფინალო ფლეი-ოფს კიდევ უფრო უახლოვდებოდნენ.  დღეს, მე-3 წუთზე ჯული რასელმა, 31-ე წუთზე კი კირა კარუსამ გაგვიტანეს.


საქართველოს ნაკრებს, პირველი შეხვედრის მსგავსად საკუთარი საჯარიმოს გამაგრება უწევდათ. ისევე, როგორც პირველ თამაშში, ამჯერადაც, ჩვენი გუნდიდან თათია გაბუნიას გამოვყოფდით, რომელმაც, რამდენჯერმე ამ შეხვედრაშიც გადაგვარჩინა გოლისაგან, თუმცა, დღეს, სამი ბურთი მაინც გაუშვა. აქედან, პირველი და მესამე თითქმის იდენტური - თათიამ პირველი დარტყმული მოიგერია, თუმცა, დამატებაზე ვეღარაფერს გახდა. სხვათა შორის, პირველ ტაიმში, მასპინძლების სასარგებლოდ, მსაჯებმა, ცოტა არ იყოს საეჭვო 11-მეტრაინი დანიშნეს, თუმცა, ირლანდიელთა კაპიტანმა, კეტი მაკეიბიმ 35-ე წუთზე დარტყმა გააცუდა. თუმცა, 55-ე წუთზე კეტიმ მაინც გაგვიტანა.


სხვათა შორის, მეორე ტაიმში, ირლანდიელთა თითქმის უსაქმოდ მყოფ მეკარეს, თამაშში ჩართვა და თეონა ბაქრაძის საკმაოდ ძლიერი დარტყმის მოგერიება მოუხდა. საინტერესო იყო, თინათინ ამბალიას შემოსვლაც მოედანზე, რომელიც მაიკო ბებიასთან ერთად რამდენჯერმე გამწვავებას შეეცადა. საბოლოოდ, 3-0 დავმარცხდით (მატჩის სტატისტიკა).


ალბათ, ერთი გარემოება რაზეც გვინდა ყურადღების გამახვილება, დუბლინის „ტალა სთეიდიემზე" შექმნილი გარემო იყო. თითქმის სავსე სტადიონი, სადაც ქართველ გოგონებსაც ჰყავდათ ქომაგები, ქართველი ემიგრანტები საქართველოს დროშებითა და სანაკრებო ატრიბუტიკით. თუკი ეს გარემო ირლანდიელებისთვის ჩვეულია, ჩვენი გოგონებისთვის ესეც ახალი გამოცდილება იყო. ისევე, როგორც ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში თამაში. ასე, რომ ამ მარცხის მიუხედავად, ირის ანტმანის გუნდის თამაშში, ბევრი სასიკეთო ცვლილება შეიძლება დავაფიქსიროთ.


რაც შეეხება ირლანდიის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად, მეორე ფლეი-ოფში ისინი, როგორც მოსალოდნელი იყო უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქეებისგან განსხვავებით, პირველი ფლეი-ოფიდან გასასვლელად, უელსელებს დღეს დამატებითი ტაიმები დასჭირდათ, თუმცა, საბოლოოდ სლოვაკეთი 2-0 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.