
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 24 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტონგას უმასპინძლებენ. თამაში თბილისში ჩატარდება და ადგილობრივი დროით, 18:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, ბორჯღალოსნები, ნოემბრის სანაკრებო შეკრებას 27 ოქტომბრიდან საფრანგეთში დაიწყებენ. როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდი იტყობინება, საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის მე-9 დებულების თანახმად, სამდღიან შეკრებას გაივლის.
„27 ოქტომბერს სამი დღით შევიკრიბებით პარიზში, სადაც ყველა მოთამაშე ერთად გვეყოლება. ზაფხულის ტესტების შემდეგ სრული შემადგენლობით ჯერ არ შევკრებილვართ. შემდეგ მოთამაშეები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და უშუალოდ ოლ ბლექს XV-თან სათამაშო კვირაში უკვე მონპელიეში შევიკრიბებით" - ამბობს რიჩარდ ქოქრილი.
შემოდგომის ტესტების წინ რიჩარდ ქოქრილის გაფართოებულ შემადგენლობაში 36 მოთამაშე, მათ შორის 21 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა გამოძახებული. სხვათა შორის, ზაფხულის ტექსტების შემდეგ, პარიზული შეკრება იქნება პირველი, სადაც სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში იქნება სრული შემადგენლობა. საინტერესოა ისიც, რომ გამოძახებულ მორაგბეთა შორის ხუთს (ნიკოლოზ სუთიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი შველიძე, ამირან შვანგირაძე და დაჩი პაპუნაშვილი), ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშია.
„ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვიმუშავებთ. ცხადია, ჩვენი დერეფანი უნდა გამოვასწოროთ. ტრადიციულად კარგი შერკინება გვყავს, თუმცა მეტად გაუმჯობესება გვჭირდება. საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების კარგი ნაზავი. დაბალანსება კი, სამუშაო პროცესის ნაწილია. ჩვენ გვინდა ახლავე მოვიგოთ, უკვე ვთამაშობდეთ უკეთესად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მეტად განვავითაროთ ახალგაზრდა მოთამაშეები ავსტრალიისთვის (2027 წლის მსოფლიო თასისთვის)", - ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი.
„ლაღი და სანახაობრივი თამაში", ეს არის ის ხაზი, რომელსაც ქართველი მორაგბეები ნოემბრის მატჩების დროს შეეცდებიან გაატარონ, გუნდი გააძლიერონ და ამის ფონზე, თამაშებიც მოიგონ. მომავალ გეგმებზე და მეტოქეებზე, საქართველოს ნაკრების თავკაცი ასეთ შეფასებებს აკეთებს:
„ოლ ბლექს XV
„ამ გუნდთან თამაშის დონე ნებისმიერი ტესტ-მატჩისთვის შესაშური იქნება. ამ პერიოდში ზელანდიის პირველი ნაკრები ევროპაში თამაშობს და გუნდი, რომელიც ჩვენ დაგვიპირისპირდება (ოლ ბლექს XV) მეტ წილად იმ მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული, ვინც პირველ ნაკრებში ვერ მოხვდება. ამ მომენტისთვის მათი 9 მოთამაშე პირველ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. შესაბამისად, რთული თამაში გველის. ეს ჩვენი ფიზიკური გამძლეობისთვის კარგი ტესტი იქნება. ის სისწრაფეები, რომლითაც ახალი ზელანდია თამაშობს, ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება. თუმცა ეს ის თამაშია, რომლის მოგებასაც ნამდვილად ვეცდებით".
იტალია
„რა თქმა უნდა, 6 ერის ირგვლივ საუბრებიდან გამომდინარე, ჩვენსა და იტალიას შორის დიდი (სარაგბო) დაპირისპირება ჩამოყალიბდა. 2022 წელს ბათუმში იტალიის დამარცხებით, უდავოდ დიდი განაცხადი გავაკეთეთ იმ მიმართულებით, თუ სად ვართ ახლა გლობალურ დონეზე. ვაჩვენეთ, რომ პოტენციურად ვიმსახურებთ 6 ერში შესვლის შესაძლებლობას. როგორც მანამდე ვთქვი, ჩვენ ყოველთვის მოგებისთვის ვთამაშობთ. კი, იტალიასთან თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გუნდურად განვითარება".
ტონგა
„რაც შეეხება ტონგას, უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვიყვარს საქართველოში თამაში. ჩვენ გვიყვარს ის, რომ საქართველოს და ჩვენს გულშემატკივრებს წარმოვადგენთ. სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშობ. ტონგელები დიდები და ფიზიკურები არიან, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საქართველოც დიდი და ფიზიკური გუნდია. მოდი ვთქვათ, რომ ზედიზედ ორი რთული თამაშის შემდეგ, ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქომაგებსა და მსოფლიოს ვანახოთ რა არის ქართული რაგბი და რას ნიშნავს ჩვენთან სათამაშოდ ჩამოსვლა".
და ბოლოს, ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის ასე გამოიყურება:
შერკინება: ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15 კეპი), გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6); ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20 ქულა), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი); ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 8, 5); ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 19, 5), გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), სანდრო მამამთავრიშვილი (პენზა, 6), ბექა შვანგირაძე (ლიონი, 3);
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 53, 35), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5); თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145); გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), გიორგი შველიძე (ბრივი); სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), ამირან შვანგირაძე (შავი ლომი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი); დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32, 68), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, 1).