ორი ნაბიჯი ნანატრ ევროპის ჩემპიონატამდე
ორი ნაბიჯი ნანატრ ევროპის ჩემპიონატამდე
18.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად ერთ კვირაში, 25 ოქტომბერს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, უეფა-ს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩების პირველი სერიის პირველ შეხვედრას გამართავს. ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი, ირლანდიის ქალთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

„ფლეი-ოფში თამაში საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული მომენტია და მოთამაშეები მას შრომით ხვდებიან. შესაძლოა, ეს განსაკუთრებული თამაში იყოს, მაგრამ ისე ვემზადებით, როგორც მორიგი თამაშისთვის, რომლისთვისაც უფრო უკეთ უნდა ვიყოთ მზად. ვიცით, რომ მაღალი დონის გუნდს ვხვდებით, მაგრამ შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია. უფრო აგრესიულები და მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. მეტი ვიმუშაოთ ტაქტიკურად და იმედი მაქვს, ამას მოედანზე გადავიტანთ, რადგან ფეხბურთი ყველაფერი შესაძლებელია", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიელებთან ორ-რაუნდიანი დაპირისპირების მოსამზადებელ ეტაპი რეაბილიტირებულ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" 14 ოქტომბრიდან დაიწყო. ანტმანის შემადგენლობაში ოქტომბრის თამაშებისთვის, 23 ფეხბურთელია გამოძახებული: მაკარე: თათია გაბუნია ("კვარტალი"), სვეტლანა გაბელაია („ელიტა"), ეკა თაბაგარი ("ლანჩხუთი"); დაცვა: მარიამ კალანდაძე ("ლანჩხუთი"), სოფიკო ნარსია ("ლანჩხუთი"), სალომე გასვიანი ("კვარტალი"), ნატა კვირკვაია ("ნიკე-ლუსო"), გვანცა ქადაგიშვილი ("ლანჩხუთი"), ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი"), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიაერი", გერმანია); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი ("კვარტალი"), ნინო ბუხრიკიძე ("ნიკე-ლუსო"), თინათინ ამბალია ("ლანჩხუთი"), ნათია დანელია ("კვარტალი"), ელენე ჩიქოვანი ("ნიკე-ლუსო"),  მაიკო ბებია ("ნიკე-ლუსო"), სალომი დიმოპულო ("კვარტალი"), ლიზი მწყერაშვილი ("ნიკე-ლუსო"), ირინა ხაბურზანია ("ლანჩხუთი"), ანასტასია ბოლქვაძე ("კვარტალი"), თეონა ბაქრაძე („ლანჩხუთი"), ლიზი კანკია ("კვარტალი"), ანა ჩემინავა („ჰაპოელი" თელ-ავივი, ისრაელი).


ქალთა ფეხბურთში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულ გულშემატკივარს, ემახსოვრება, რომ საქართველოსა და ირლანდიის ქალთა ეროვნული ნაკრებები, ორი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ორივეში დამარცხდნენ, ირლანდიაში 11-0, ხოლო თბილისში, 0-9. იმედია, ირის ანტმანის გუნდი, ირლანდიელებთან ამ ბალანს შეცვლის და უხერხულ მეტოქესთან, თუმცა, არა მხოლოდ ქალთა, არამედ მამაკაცთა ეროვნული ნაკრებისთვისაც, საჩვენოდ დააბალანსებს. ალბათ, გოლებზე მეტად, უფრო ფლეი-ოფის მომდევნო ეტაპზე გასვლა გაგვიხარდება.


„ირლანდიასთან თამაშის არც თუ ისე კარგი გამოცდილება გვაქვს. თუმცა, ახლა სულ სხვა გუნდი ვართ. განსხვავებული შემართებით და მომზადებით. უფრო მეტად ვართ განვითარებულები და ვფიქრობ, შეგვიძლია მივაღწიოთ დასახულ ამოცანას", - ამბობს მარიამ კალანდაძე.


გუნდის შემართებაზე და გაზრდილ მოტივაციაზე საუბრობს საქართველოს ქალთა ნაკრების ყველა მოთამაშე, რომლებიც ევროპის ჩემპიონატთან ასე ახლოს, არასდროს ყოფილან. შეგახსენებთ, რომ ქალთა ეროვნულმა, ამ ეტაპზე თამაშის უფლება შესარჩევ ჯგუფში, მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ ირლანდიელებთან ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო, ნინო ბუხრიკიძე და თეონა ბაქრაძე გამოტოვებენ.


„ისტორიული მომენტია ქალთა ნაკრებისთვის. ამას წლების განმავლობაში ველოდით. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით, რადგან პასუხისმგებლობაც ორმაგია. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ ნაკრებს. ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ სტიმულს გულშემატკივარი გვაძლევს. ყველას ველოდებით სტადიონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნა გაივსება, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება ფეხბურთელებისთვის და გუნდის თითოეული წევრისთვის. წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ", - ამბობს ანა ჩემინავა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი.


საპასუხო შეხვედრა 29 ოქტომბერს, ირლანდიაში გაიმართება.  წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, წარმატების შემთხვევაში კი, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. მანამდე კი, 25 ოქტომბერს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებს, ქართველი ქომაგის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.


„პირველი თამაში თბილისშია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს შესანიშნავი გულშემატკივარი, რომელიც ყველა მატჩს ესწრებოდა და გვაჩვენებდა რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს ჯგუფური ეტაპის თამაშებში, შეასრულეს გულშემატკივრისთვის მიცემული პირობა და გავიდნენ პლეი-ოფში. ასე რომ, მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. ეს აუცილებლად დაეხმარება ჩვენს გუნდს", - ამბობს ირის ანტმანი.


საქართველოსა და ირლანდიის ქალთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება  25 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.


სფფ-ის ფოტო