ფლეი-ოფში საქართველო - ხორვატიას ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან
ფლეი-ოფში საქართველო - ხორვატიას ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან
17.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი და ნორვეგია ეს ის 5 გუნდი იყო, რომელიც სამი დღეა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების პოტენციურ მეტოქეებად ითვლებოდნენ. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ ნიონში, უეფა-ს შტაბ ბინაში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის დარჩენილი საგზურებისთვის ფლეი-ოფი დასრულდა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეც გაირკვა. რამაზ სვანაძის გუნდი ნოემბრის ორ-რაუნდიან ფლეი-ოფში ხორვატიას დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა საქართველოში, 15 ნოემბერს გაიმართება. ჩვენი ინფორმაციით, თამაში თბილისში, მიხეილ მესხზე ჩატარდება. თუმცა, არაა გამორიცული სტადიონის ფაქტორიდან გამომდინარე, თამაში ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე ჩატარდეს. საპასუხო შეხვედრისთვის კი, რამაზ სვანაძის გუნდი ხორვატიაში გაემგზავრება და 19 ნოემბერს ითამაშებს.

შესარჩევ ეტაპზე ხორვატია G ჯგუფში პორტუგალიის, საბერძნეთის, ფარერის კუნძულების, ბელარუსისა და ანდორას ახალგაზრდულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჯგუფში 7 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ორში დამარცხდა. რეალურად, ხორვატებმა მხოლოდ, ჯგუფის გამარჯვებულთან წააგეთ თამაშები, აქედან ბოლო, დიდი ანგარიშით 5-1. თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენმა მოწინააღმდეგემ, შესარჩევი ეტაპი სტაბილურად გაიარა და შესაბამისად, ფლეი-ოფში საკმაოდ კერკეტი კაკალია. თუმცა, არც საქართველოს ნაკრები არის „საჩუქარი". ასე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის ბოლო თვეში გვიწევს თამაში, საკმაოდ ცხელი საფეხბურთო ნოემბერი გველის.




ფინალური საგზურებისთვის დანარჩენი პრეტენდენტები ასე დაწყვილდნენ ფინეთი - ნორვეგია, ბელგია-ჩეხეთ.


აქვე გეტყვით, რომ შესარჩევი ჯგუფებიდან პირდაპირი წესით ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს დანიან, ინგლისმა (რომელიც აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მოქმედი ჩემპიონია და ეს ტიტული გუნდმა ბათუმში, 2023 წელს მოიპოვა), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები (ჩვენი ჯგუფიდან გავიდა ქულების მაქსიმუმით), პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, უკრაინა, ესპანეთი და სლოვენია, რომელიც აღნიშნულ ევროს მასპინძლობს და შესაბამისად, მასპინძლის სტატუსით მოიგო ეს უფლება.


ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მომავალ, 2025 წელს 11-28 ივნისის პერიოდში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სლოვაკეთში ჩატარდება.


ფოტოები: (C) სფფ და UEFA